Georgian Tour და ანსამბლი ,,გორდელა'' იტალიაში დაუვიწყარი კონცერტით

Georgian Tour და ანსამბლი ,,გორდელა'' იტალიაში დაუვიწყარი კონცერტით
ბოლო დროს იტალიაში მნიშვნელოვანი ქართული კულტურული ძვრებია. Merani TV კი ამბების ფეხდაფეხ ცდილობს გიამბოთ იმ თითოეული წარმატების შესახებ, რომელიც საზღვრებს მიღმა გაცილებით ხმამაღლა ისმის და ბევრად უფრო ფასეულია.

ასე აღმოვჩნდით გოგონათა ანსამბლ ,,გორდელას“ კონცერტზე მილანში, რომელიც სპეციალურად საქართველოდან ეწვია იტალიას დაუვიწყარი დღეების მოსაწყობად.
უტრირება ნამდვილად არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ანსამბლი ,,გორდელა“ სწორედ ის სახელწოდებაა, რომელიც ქართველ მსმენელს მსოფლიოს მასშტაბით ნამდვილად ახსოვს და უყვარს, განსაკუთრებით კი მათ, ვისთვისაც ქართული ხალხური მუსიკა ისეთივე ძვირფასია, როგორც ქართული კულტურის დღეების არსებობა უცხო მიწაზე.

სწორედ ამიტომ, ქართულმა ტურმა იტალიაში, რომელიც უკვე 8 წელია მოღვაწეობს, დაუვიწყარი დღეები აჩუქა ქართველ ემიგრანტებს იტალიის სხვადასხვა ქალაქში.
კომპანიის დამაარსებელი ემიგრანტი ხათუნა კილაძეა, რომელიც საქმეს ოჯახთან ერთად უძღვება. ,,ჯორჯიან ტურის'' შექმნის იდეა კი ერთი შეხედვით მარტივ და მნიშვნელოვან სურვილს, მსოფლიოში გაფანტული ქართველი ემიგრაციის გაერთიანებას უკავშირდება. ჩვენთან საუბრისას როგორც კომპანიის დამაარსებელმა, ისე მისმა პრეზიდენტმა – მარიამ ლომუაშვილმა, წარმატებამდე სავალი გზა გაიხსენეს და ტურის დანიშნულებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ გვიამბეს.

მილანში ანსამბლი ,,გორდელას'' მოსმენა თამარ მეფის სახელობის ტაძარში მისულ მრევლსაც შეეძლო. ყველა ემიგრანტმა იცის, რომ აქ უკვე წლებია ყოველ კვირას აღევლინება მართლმადიდებლული წირვა-ლოცვა მამა კირიონ მაჩაიძის წინამძღოლობით. ანსამბლის წევრებმა წირვაზე, ტაძრის მგალობლებთან ერთად რამდენიმე საგალობელი შეასრულეს. ტაძარი ქართველ მომლოცველთა ნაკადის დეფიციტს ნამდვილად არ განიცდის. ეს სიმართლეა – როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, გოგონათა ანსამბლის სტუმრობამ კი იმ მასპინძელთა რიცხვი გაზარდა, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა წირვის დასრულების შემდეგ თეატრო დი მილანოში არაჩვეულებივი ქართული კონცერტი ენახა განსაკუთრებული ხმებითა და მყუდრო გარემოს წყალობით.

უკანასკნელ პერიოდში, მილანს ქართული ტრადიციული ცეკვა თავისი განსაკუთრებულობით ნამდვილად ატყვევებს. საღამოზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ კიდევ ერთხელ ეხილათ მილანის სამრევლოსთან არსებული ქართული ცეკვის სტუდია ჯორჯიას ,,განდაგანა“ გოდერძი კოხრეიძის ხელმძღვანელობით.

საღამოს თავისებური მუხტი იტალიელმა პროფესორმა და მუსიკოსმა ანტონიო ჯარლეტამ შემატა, რომელმაც მსმენელს რამდენიმე სიმღერაც აჩუქა და მთელი დარბაზი პოზიტიური ენერგიით დამუხტა.
მილანს ვერონადან ქართველი მოცეკვავე და მომღერალი ბექა შუბითიძე ეწვია, რომელმაც გოგონათა არაჩვეულებრივი სიმღერების თანხლებით, ცეკვით - დარბაზი აიყოლია.
კონცერტის დასასრულს სცენიდან წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის მგალობლებთან ერთად მრავალჟამიერიც გაისმა.
მთავარი კი ისაა, რომ კონცერტით ყველა ასაკის მსმენელმა ერთნაირად ისიამოვნა.
სიძველესა და ტრადიციებს მორგებული თანამედროვე ხმა და ბგერა – ეს გორდელაა, რომელსაც სამშობლოს მონატრებულმა ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოსთან დიდი სიყვარული გაატანეს.
სტატია და სიუჟეტი მოამზადა MERANI TV
ვიდეო მასალა იხილეთ აქ: