,,ხატვის ინსპირაცია ჩემი შვილია'' - ემიგრანტი მხატვარი ზანდა ფურცელაძე

ჩვენი რუბრიკის ,,გაქცევით შეჩერებულების“ დღევანდელი სტუმარი გახლავთ, ქალაქ ბაღდადში დაბადებული, პროფესიით დაწყებითი კლასების პედაგოგი, ახლა უკვე თვითნასწავლი მხატვარი, ქალბატონი ზანდა ფურცელაძე.
ქალბატონ ზანდას ჰყავს მშობლები, ორი შვილი და ორი შვილიშვილი. ბევრი ქართველის მსგავსად, ისიც ეზიარა ემიგრანტის მძიმე ხვედრს, რამაც თავის მხვრივ, აღმოაჩენინა საკუთარ თავში მხატვრის ფერადი სამყარო. ეს სამყარო მისი სულიერი სამყაროს ნაწილი გამხდარა.
- ბავშვობა ბავშვობაში არ რჩება. მოგვიყევით როგორი ბავშვი იყავით.
- ადამიანის ნამდვილი სამშობლო ბავშვობაა. ვარდი ფერს და სუნამოს, ფესვიდან იღებს, ხოლო კაცი, თავის სათნოებას ბავშვობიდანვე. ჩემთვის ბავშვობაში არაფერი დარჩენილა, ის ისევ ჩემთან ცხოვრობს. ვიყავი წყნარი, მოსიყვარულე, სპორტული და ცოტა განებივრებული დედისერთა გოგო.
- თქვენი ცხოვრების მემატიანესგან, რომელი ჟამის აღწერას არ ისურვებდით?
- იყო ასეთი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, არ ვისურვებ გახსენებას, თუმცა სწორედ ამ ჟამმა ნაწილობრივ შეცვალა ჩემი ცხოვრება სასიკეთოდ.
- მოგვიყევით იმ განსხვავებულ ნაბიჯებზე, რომელმაც თქვენ მხატვრობამდე მიგიყვანათ.
- ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ღმერთი განსაცდელს მოუვლენს. მთავარი ისაა, ჩვენ როგორ მივიღებთ მას..როცა ჩემს შვილს პატიმრობა შეუფარდეს, მეგონა სამყარო ჩამოიშალა ჩემთვის, რთული პერიოდი მქონდა..ჩემი ახლობლის რჩევით, რომელმაც მითხრა, მოსინჯე მანდალების ხატვაო, დაუფიქრებლად გავითვალისწინე. ფერადი ფანქრები და ფურცლები ვიყიდე და ერთი წერტილიდან დავიწყე ხატვა ისე, როგორც მანდალები იწყება. იმ დღიდან ჩემში გაიღვიძა ფერადმა სამყარომ, რაც დღეს სულის სიმშვიდეს მჩუქნის და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადამიყვანა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა არ ვიცით საკუთარი შესაძლებლობები. ასე, რომ ჩემი ხატვის ინსპირაცია - ჩემი შვილია.
- თქვენ ძალიან დაკავებული ხართ სამსახურეობრივი მოვალეობით და საინტერესოა, როგორ ან რა პირობებში ახერხებთ ხატვას?
- მე მაქვს ჩემი ოთახი, მაგრამ ხატვისთვის შეუფერებელი, ამიტომ ჩემი სამხატვრო მასალებით გადავაადგილდები ერთი ოთახიდან მეორეში. მაქვს მცირე დრო, თუმცა საკმარისია მთელი დღის მუხტისთვის.
- შეუძლებელია ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ შესაძლებელია ყოველთვის იყო ადამიანი.
- ვფიქრობ, არ არის აუცილებელი იყო გმირი, სასურველია დარჩე ყოველთვის ადამიანად.
- საქართველოში შედგა თქვენი ნახატების გამოფენა, რომელმაც თქვენ გარეშე ჩაიარა.
-2022 წლის ოქტომბერში დედამ გაიტანა ჩემი ნახატები ,,ბაღდათობაზე". უჩემოდ შედგა, მაგრამ დედა იმდენად ამაყი იყო ჩემი ნახატების წარდგენით, რომ ეს ორმაგად მაბედნიერებდა.
- რწმენა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას მართავს.
- ბუნებით ოპტიმიზმი ვარ და ალბათ, ეს მეხმარება ჩემი ცხოვრების წარმართვაში. დაე, რწმენამ არასოდეს მიგვატოვოს.
- თუ გქონიათ რაიმე შემოთავაზება ნახატებთან დაკავშირებით?
- მაქვს შემოთავაზება საირმის თემატიკაზე, რაზეც ვმუშაობ და მაქვს რამდენიმე ნახატი. იმედი მაქვს, შედგება ეს ჩანაფიქრი. დავხატე თამარ მეფე და ის დღეს არის აკაკი ხორავას სახელობის ღვინის ეტიკეტზე გამოსახული.
- ქალბატონო ზანდა, ბერლინში ნახატების ონლაინ გამოფენაზე რას გვეტყვით, სადაც მიიღეთ მონაწილეობა?
- როდესაც დავხატე ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი და განვათავსე სოციალურ ქსელში, მალევე დამიკავშირდა ახლობელი და მითხრა, რომ ჩემი ნახატი გაგზავნა ბერლინის ონლაინ ფესტივალზე წარსადგენად. ჩემი ემოცია იყო უსაზღვრო, სადაც შემდეგ გადმომცეს დიპლომი ფესტივალში მიღებული მონაწილეობისთვის.
- მეგობრობა ისევე აუხსნელია, როგორც მუსიკის იდუმალება (რიჩარდ ლაუვი).
- მეგობრობა ისევე აუხსნელია, როგორც მხატვრობა.
- თქვენ, როგორც ბევრი ქართველი, ემიგრანტის გზას მიუყვებით, რომელიც სიძნელეებით სავსეა. რას იღებთ და რას კარგავთ ამ გზის გავლისას?
- ვკარგავთ ემოციებს, ეს იქნება სიხარულის თუ ტკივილის, როცა ოჯახის და ახლობლების გვერდით არ ხარ. სხვა დანარჩენი რა დამიკარგავს?! სიყვარული, ყურადღება, პატივისცემა, ერთმანეთზე ზრუნვა ისევ ისეთი ძლიერია. რა მივიღე? მე უბრალოდ გამიმართლა, 12 წელია ემიგრანტი ვარ, ჩამოსვლიდან ერთ ოჯახში ვმუშაობ, შვილივით მიმიღეს. შევძელი დასახული მიზნების განხორციელება, შევძელი ის სიყვარული შევინარჩუნო, რაც ოჯახიდან და ახლობლებიდან გამომყვა. დილით ვიღვიძებ იმ სულით, რაც ბავშვობაში მქონდა. საკუთარი თავის სიძლიერე ვიპოვე.
- თქვენი სამომავლო გეგმები.
- ჩემს გეგმებში, ყოველთვის შედის საქართველოში დაბრუნება. რაც შეეხება ნახატებს, ბევრმა კეთილისმსურველმა ადამიანმა შემომთავაზა გამოფენის მოწყობა ბარიში. საქართველოში არ მინდოდა ამბიციაში ჩამთვლოდა და ყოველთვის თავს ვიკავებდი. ალბათ, უკვე ჩემს სიამოვნებაზე უარს არ ვიტყვი. მე კიდევ ვეცდები ბევრი სილამაზე შევქმნა, თქვენამდე მოვიტანო, გაგილამაზოთ და გაგიფერადოთ თითოეული დღე.
- ემიგრანტის სახელით, რას ეტყოდით საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს?
- მე მათ ვუსურვებდი ეკონომიკურ სიძლიერეს ქვეყანაში, რაც არ უბიძგებთ გახდნენ ემიგრანტები. ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს. მათ, ვისაც ოჯახის წევრი და ახლობელი ადამიანი ემიგრანტი გყავთ, უბრალოდ აჩუქეთ თბილი სიტყვები და სიყვარული.
ინტერვიუ მოამზადა ეკა ოთარაშვილმა