,,ძალიან მიყვარს საქართველო და ჯერ ქართველი ხალხისთვის მემღერება"- ბარბარა სამხარაძე

,,ძალიან მიყვარს საქართველო და ჯერ ქართველი ხალხისთვის მემღერება"- ბარბარა სამხარაძე

Merani TV_ს ახალგზარდულ გადაცემა ,,პორტალში" ქართველმა მომღერალმა, პროექტ ,,ნიჭიერის" გამარჯვებულმა ბარბარა სამხარაძემ მაყურებელს საინტერესო დეტალები გაუზიარა საკუთარი ცხოვრებიდან. საუბრისას მან საზოგადოებაში არსებული პრობლემების შესახებაც ისაუბრა და ემიგრანტებს სიმღერაც მიუძღვნა. 


- როგორ და როდის შეიქმნა ,,სოფლის დღიურების’’ იდეა?

- ძალიან დიდი ხნის მანძილზე, როცა მე ნიჭიერში გავიმარჯვე და სოფელში დავბრუნდი,  დიდი სურვილი მქონდა იმის, რომ გამეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც ხალხს ცოტათი მაინც წამოწევდა წინ, სოფლის მაცხოვრებლებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. სულ ვიმიზეზებდი შესაბამისი ტექნიკის არქონას, თუმცა ერთ დღესაც ეს წუწუნი დამთავრდა და მივხვდი, რომ შემეძლო საერთოდ ნულიდან დამეწყო იმით, რაც მომეპოვებოდა. სტიმულს მაძლევდა ისიც, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და გავაკეთე გადაცემა, რომლის სახელზეც ძალიან დიდხანს ვფიქრობდი. განსაკუთრებით მინდოდა გამომეყენებინა სიტყვა ,, სოფელი ’’, რომელსაც შევუსაბამე ,, დღიური ’’ მისი ყოველდღიური ამბებისა და ცხოვრებიდან გამომდინარე. ასე შეიქმნა ,,სოფლის დღიურები’’. მინდოდა საჩუქრები გამეკეთებინა სოფლის მოსახლეობისთვის ინტერვიუების მსვლელობისას და გამეხარებინა ისინი, შესაბამისად, მსურდა სპონსორები მყოლოდა, თუმცა ისეთმა კომპანიებმა, რომლებიც დღეს ახალი სახეების გამოჩენით აფიშირებენ და რეალური შესაძლებლობები აქვთ, უარი მითხრეს დახმარებაზე.

- როგორ ფიქრობ,რატომ არის ეს ფონი და რატომ იკავებენ თავს.

- მე ამ საკითხს მივუდექი კეთილი ნების პრინციპით, ადამიანურად და არა მარკეტინგულად. თუმცა პირველი გადაცემის შემდეგ, რომელიც სწორედ იმ სიხარულით მინდოდა დაწყებულიყო, რომ მე უკვე სპონსორი მყავდა , მიუხედავად ამისა, ძალიან წარმატებული იყო. მომწერეს ისეთმა ადამიანებმა, რომელიც საკუთარი წვალებით შრომობენ და არა იმ დიდმა კომპანიებმა, რომელიც მილიონობით მოგებას ნახულობს.

- როგორ არ დაკარგე სტიმული ამ ყველაფრის მიუხედავად?

- სტიმულს მაძლევდა ისევ და ისევ ორმხრივი კეთილი ნება, რომელიც არ მოიცავდა არავითარ დაპირებებს, თუნდაც ინტერვიუს სანაცვლოდ. გადაცემა სატესტო ფორმით განვათავსე ერთ-ერთ ჯგუფში, რათა მეთქვა ადამიანებისთვის, რომ ჩემი მიზანი იყო ქალების ხმა მიმეწვდინა საზოგადოებისთვის, მათთვის დამენახებინა, რომ მათი ისტორიებიც მნიშვნელოვანია, რადგან სოფელში ქალის ცხოვრება მხოლოდ ოჯახია და ქალის ცნება, ფაქტობრივად - არ არსებობს.

- რა მდგომარეობაა კულტურის სფეროში?

- მართალია ცნობილი ვარ ფართო აუდიტორიისთვის, მაგრამ მე არ მაძლევენ იმის საშუალებას, რომ ვიდგე სცენაზე და ვიმღერო იმ მიზეზით, რომ დღეს საქართველოში სცენა თაობიდან თაობას გადაეცემა. თუმცა, მე აუცილებლად დავდგები გამართულად სცენაზე და ვიტყვი, რომ კარგი მომღერალი ვარ, მაგრამ ეს დროის საკითხია.

- რა არის შენი სამომავლო გეგმები, დარჩები თუ არა საქართველოში?

- ჯერჯერობით არ ვფიქრობ არსად წასვლას, რადგან ძალიან მიყვარს საქართველო და ჯერ ქართველი ხალხისთვის მემღერება.

- როგორ ფიქრობ, რატომ მიდის ახალგაზრდობა ქვეყნიდან, სად ვეძებთ გამოსავალს და წარმატებას და რატომ ვერ ვპოულობთ მას აქ - საქართველოში?

- ბევრი ადამიანი დროის ფაქტორს იგებს მხოლოდ წასვლით, თორემ სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის ყველაფერი გამოგივა. უბრალოდ საზღვარგარეთ ყველაფერი დასწრაფებულია, განსაკუთრებით შემოსავლის მხრივ. შრომის გარეშე კი არსად არაფერი ხდება.თავის დამკვიდრება გიწევს ყველგან. ძალიან ბევრი კარგი მომღერალი წავიდა საზღვარგარეთ, თუმცა ბარს ვერ გასცდა. ძალიან დიდი შრომაა საჭირო. ადამიანები კი ფიქრობენ, რომ წარმატება არის ქვეყნის გარეთ, რაც არაა სიმართლე.

გადაცემის წამყვან გვინინასთან საუბრისას ბარბარემ ასევე აღნიშნა, რომ ,,სიმღერაა სწორედ ის, რითაც საკუთარი თავი შევქმენი. უბრალოდ სიმღერა იყო ის ბავშვობიდანვე, რითაც სიხარულს, ბედნიერებას და წყენას გამოვხატავდი. • ხანდახან არ მემღერებოდა, მაგრამ ვმღეროდი და ეს იყო ის გზა, რომელმაც მათქმევინა, რომ რა უნდა იყოს ისეთი, რასაც ვერ გადავლახავ და ვერ დავძლევ".

- როგორ მოახერხე, რომ არ შეიცვალე და დარჩი ისეთი, როგორი ხარ?

- მოვახერხე და ბავშვი, რომელიც ჩემშია, ისევ ჩემად დავტოვე, რადგან სწორედ ეს ბავშვი ქმნის ბარბარას. ვურჩევ სხვებსაც, რომ იპოვონ საკუთარი თავი და ის ბავშვი, რომელიც მათშიცაა, რადგან არავის ეზიზღება თავისი ბავშვობა, პირიქით, ყველას ძალიან უყვარს. ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ამიტომ იპოვონ და გაზარდონ, განავითარონ ახლიდან, როცა თუნდაც. შეცდომას დაუშვებენ.