ჩვენ ძალიან დიდი სიახლოვე გვაკავშირებს ქართველებთან...ისინი ჩვენს ტკივილს გრძნობენ

ჩვენ ძალიან დიდი სიახლოვე გვაკავშირებს ქართველებთან...ისინი ჩვენს ტკივილს გრძნობენ
რამდენიმე თვის წინ სპეციალურად საინფორმაციო გამოშვებისთვის ბოკონის უნივერსიტეტის პროფესორი, უკრაინელი ვიქტორია ლაპა ჩავწერეთ, რომელმაც მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსირა უკრაინა, საქართველო, რუსეთისა და ევროპული ღირებულებების შესახებ.
მე ვიქტორია ვარ, და როგორც უკრაინელი, ვიტყოდი, რომ ეს თავდასხმაა. ჩვენ ასე ვამბობთ, რომ ესაა გენოციდი, დისკრიმინაციული თავდასხმა. ეს არაა ომი, რომელსაც თავისი წესები აქვს, რადგან, ჩვენ ვიცით, რომ ომის დაწყება დანაშაულია, რომელიც უნდა აიკრძალოს, თუმცა თუ ამისთვის მზად ხარ, შეგიძლია წესებიც იპოვო, რომელსაც მიჰყვები. რუსეთი არღვევს ამ წესებს, თავს ესხმის მოქალაქეებს, ამიტომ ვეძახით ჩვენ ამას გენოციდს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ ამავდროულად ეს დემოკრატიის წინააღმდეგ გამოცხადებული ომია იმიტომ, რომ რუსეთს არ სურს დემოკრატიის არსებობა, არ სურს, რომ ქვეყანას ჰქონდეს კულტურა, იდენტურობა, რომელიც ევროპულ ღირებულებებს გააჩნია. ადამიანის უფლებები და თავისუფლება, რომელიც ნებისმიერ ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოს აქვს ამიტომაც, ეს ერთი ქვეყნის წინაშე გამოცხადებულ ომზე მეტია. ესაა ომი დემოკრატიის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია ეს ყველა ევროპულმა და დემოკრატიულმა სახელმწიფომ გაიგოს. თუ დავუშვებთ, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს, ჩვენ გავცემთ სიგნალს ტოტალიტარული რეჟიმის აღსადგენად. ეს კი საერთოდ გააუქმებს ყველა წესის არსებობას და ისინი დაუსჯელები დარჩებიან.
ბევრი ევროპელისა და მოქალაქის მსგავსად, ყველაზე პირველად პროტესტი, რა თქმა უნდა, 24 თებერვალს გამიჩნდა. ერთ-ერთმა უკრაინელმა, რომელსაც ანა ჰქვია, ამ დღეს თქვა, რომ ჩვენ აქ ომის შესაჩერებლად ვართ, თუმცა ცხადია, არ გვიფიქრია, რომ ომი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ჩვენ არ შეგვიწყვიტავს პროტესტი, ყოველ საღამოს ვიკრიბებით მილანში, დუომოს წინ, მთავარ მოედანზე. ეს ჩვენი შემართებაა, მყარად დგომა, ჩვენი ბრძოლა ინფორმაციულ ფრონტზე. ეს ჩვენი წვლილია გამარჯვების მოსაპოვებლად. სწორედ ამიტომ ვდგავართ იქ და ვცდილობთ ვაჩვენოთ ყველა ევროპელს, რომ უკრაინელები ახლა მთელ ევროპას იცავენ, ერთგვარი ფარი ვართ მთელი ევროპისთვის. ახლა ყველა ევროპელმა უნდა აღიაროს, რომ რუსეთთან ერთად ბიზნესის კეთება არ შეიძლება. ჩვენ ყოველთვის ვგულისხმობთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას რუსეთის მიერ. და გეტყვით, რომ ევროპამ უდიდესი შეცდომა დაუშვა 2008 წელს, რადგან არ აღიარა, რომ რუსეთი თავის იმპერიალისტურ ნარატივს ავრცელებდა და იჭრებოდა საქართველოში. ევროპა ცდილობდა რუსეთის დამშვიდებას და მასთან ერთად ბიზნესის კეთებას.
ამიტომ მოვედით აქამდე, ამიტომ უნდა შევაჩეროთ რუსეთი. იტალიისა, ევროპისა და ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის როლი უდიდესია. მათ წვლილი უნდა შეიტანონ უკრაინის დასაცავად, ჰუმანიტარული თუ სამხედრო დახმარებებით. გაერთიანებითა და ერთად დგომით ჩვენ შეგვიძლია მოვუგოთ ამ ავტორიტარულ რეჟიმს.
საქართველო ახლა ურთულეს მდგომარეობაშია, რადგან ქართველ ხალხს ახსოვს რუსული სისატიკე. უკრაინა ახლა იმ ფაზას გადის, რაც საქართველომ 2008 წელს გაიარა, ამიტომ მგონია, რომ ქართულ-უკრაინული კოლაბორაციით შეიძლება შესუსტდეს რუსული აგრესია. მე ვნახე ბოლო პერიოდის მდგომარეობა, როდესაც სახელმწიფო გამოეყო მოსახლეობის აზრს. საქართველო ცხადია, გმობს რუსეთის საქციელს და მხარს უჭერს გაეროს რეზოლუციას, თუმცა ვნახე, რომ მოსახლეობა აკრიტიკებდა მთავრობის პოზიციას. ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პარტიების მობილიზებაა საჭირო, ერთ პოზიციაზე დგომა მეტი სიძლიერისთვის. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ რუსეთი თავის ნარატივს მთელ მსოფლიოზე ავრცელებს, თუმცა საბჭოთა კავშირის ქვეყნების შემთხვევაში, ეს ნარატივი გაცილებით დიდია. ამიტომ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ, საჭიროა ეროვნული პოზიციის გაერთიანება, ასე შევაჩერებთ რუსეთს.
უკრაინული დიასპორა იტალიაში ერთ-ერთი უდიდესია პოლონეთის შემდეგ. თუ არ ვცდები 220 ათას ადამიანს აერთიანებს. რუსული აგრესიის შემდეგ, უკრაინიდან უმარავი ადამიანი გამოიქცა, რადგან აქ ნათესავები ჰყავდათ, ასევე იტალიამაც ბევრ ადამიანს უმასპინძლა, დაახლოებით 100 000 მათი რიცხვი. ყველა უკრაინელი მადლიერია თითოეული იტალიელის, ასოციაციის მიმართ, რომელიც დაეხმარა აქ დარჩენაში. არავის სურდა დაეტოვებინა თავისი მშვოდობიანი ცხოვრება, თავიანთი სახლები, რომელიც არავინ იცის, კიდევ დახვდებათ თუ არა. ესაა განსხვავება უკრაინელებსა და სხვა ერების ლტოლვილებს შორის. ბევრი იტალიელი სვამს კითხვას, რატომ ვეძახით ამ ადამიანებს ლტოლვილებს, რადგანს ისინი თავიანთი მანქანებითა და ნორმალური ტანსაცმლით ჩამოვიდნენ. ჩვენ ცხოვრების რომელიმე საფეხურს კი არა, ბომბებს გამოვექეცით. როგორც კი სიტუაცია შედარებით დაწყნარდა, უკან დავბრუნდით, რადგან იქ დავტოვეთ სამსახური, სახლი. ვისაც დარჩენის საშუალება ჰქონდა, კვლავ იქ არიან. საბოლოოდ კი, რა თქმა უნდა, მე ძალიან ვაფასებ იტალიის დახმარებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი იყო.
,,ჩვენ ძალიან დიდი სიახლოვე გვაკავშირებს ქართველებთან. შემიძლია ყველა ქართველს ვუთხრა ,,გამარჯობა“, რადგან ისინი ყოველ ღამე მოდიონ დუომოზე. ისინი ჩვენს ტკივილს გრძნობენ''.
ინგლისურიდან თარგმნა გვინინამ