ქართველი პიანისტი, რომელიც პარიზის რეგიონის ორ მუნიციპალურ კონსერვატორიაში მოსწავლეებს, ქართულ მრავალხმიანობას აზიარებს

ქართველი პიანისტი, რომელიც პარიზის რეგიონის ორ მუნიციპალურ კონსერვატორიაში მოსწავლეებს, ქართულ მრავალხმიანობას  აზიარებს

Merani tv-რუბრიკას გაქცევით შეჩერებულებს, არა ერთი საინტერესო სტუმარი ჰყოლია. არც დღესაა გამონაკლისი. ჩვენი სტუმარია ცნობილი პიანისტი, საფრანგეთში მცხოვრები და მოღვაწე ქალბატონი ნანა ჭიქაშუა.

  ქალბატონი ნანა დაიბადა ქალაქ სამტრედიაში. სწავლობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედში. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა. მუსიკის სიყვარულმა, სხვა გზაზე და სხვა მიმართულებით წაიყვანა. ამაზე ინტერვიუდან  შეიტყობთ.

  ადამიანმა, თუ არ ხარ ყოველმხრივ განვითარებული, შეუძლებელია მიაღწიო იმას, რასაც ქალბატონმა  ნანამ მიაღწია. ამ ყოველივეს კვალში სიკეთე, სიყვარული, გულწრფელობა, დიდი შრომა და ჭეშმარიტი ქართველობა უდგას,  რაზეც ალფრედ კორტოს სახელობის Ecole Normale ისა და სენ-დენის Pôle Supérieur-ის სამი დიპლომი მეტყველებს.

  ჩვენ, ვიდრე ქალბატონ ნანასთან ვისაუბრებთ, თქვენთან ერთად, მის საოცრად მომხიბლელ და ნიჭიერ ქალიშვილს დებოს გავესაუბროთ, რომელიც უკვე პატარა პაინისტია. (რესპოდენტისთვი აქ, დებოდს გამოჩენა სიურპრიზია. )

დებო 11 წლისაა.

-  დებო, როდესაც დედიკოსთან  მარტო რჩები, ყველაზე მეტად რაზე გსიამოვნებს საუბარი?

 - მე და დედიკო ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან, მასთან ყველაფერზე შემიძლია ვისაუბრო.

 

  - შენ და დედიკოს ერთი პროფესია გაქვთ. პიანისტობის გარდა, კიდევ რითი ხარ დაინტერესებული?

 - ასტრო-ფიზიკა ძალიან მიყვარს და მაინტერესებს და მინდა საფუძვლიანად შევისწავლო

 

- წარმოვიდგინოთ რომ ახლა, პიანისტი პატარა გოგო დებო, დედიკოსთვის საჩუქარს არჩევს, რას შეიძენს, რომ  მას თვალები გაუბრწყინდეს? ანუ რამდენად იცნობ დედიკოს.

 - ვფიქრობ, რომ დედიკოს კარგად ვიცნობ, და მგონია, რომ ჩემი ჩახუტება იქნებოდა მისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი.

 

   მადლობა, დებო! გისურვებთ მომავალ წარმატებას და ვისურვებდით, იმ კონცერტზე აღმოვჩნდეთ, სადაც შენი შემოქმედებით გაგვაოცებ და დაგვატკბობ.

 

- მოგესალმებით ქალბატონო ნანა! სასიამოვნოა დღეს ჩვენთან თქვენი სტუმრობა.  ჩვენ, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და რას გაიხსენებდით თქვენი ბავშვობიდან?

- ვფიქრობ, რომ ძალიან მდიდარი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა, რადგან ჩემს ირგვლივ ყოველთვის ისმოდა ქართული მრავალხმიანი სიმღერა და ჩემი ოჯახის წევრები საუკეთესოდ უკრავდნენ სხვადასხვა ინსტრუმენზე. ყველაზე ტკბილად ოჯახური მუსიკალური საღამოები მახსენდება.

 

- გაგვაცანით თქვენი ოჯახი.  მეუღლე  ამირ ტურე და საოცარი პატარა ქალიშვილი დებო.

- ამირი პროფესიით ფილოსოფოსია, მწერალი. წარმოშობით მალიდან, ტომბუქტუდანაა. ძალიან საინტერესო და უსაზღვროდ დიდი კულტურის ადამიანია. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ის ჩემი მეუღლეა. გვყავს ერთი ქალიშვილი - დებო. დებო მხიარული და ცნობისმოყვარე ბავშვია, უყვარს  მუსიკა, მეცნიერება, განსაკუთრებით ასტრო-ფიზიკა. აქვს დიდი ტელესკოპი და ხშირად ათვალიერებს ვარსკვლავებს ცაში. ეს დებოს და ამირის დიდი გატაცებაა.

- ქალბატონო ნანა, დებომ უკვე შეძლო და  ქალაქ შატუში ( Chatou) გამართულ მოზარდთა საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი და ლაურეატის წოდება მოიპოვა უკვე ზედიზედ ორჯერ. ასევე, ვერსალის რეგიონალურ კონსერვატორიაში საფორტეპიანო განყოფილებაზე სწავლობს. წელს მან დიდი წარმატებით მიიღო მონაწილეობა ვერსალის ზამთრის ფესტივალში. თქვენ როგორც დედა და როგორც პროფესიონალი, რას გვეტყოდთ?

 - მე ვიტყოდი, რომ ეს არის ურთულესი პროფესია, რომელსაც დიდი ტალანტის და საქმის უსაზღვრო სიყვარულის გარდა, ძალიან კარგი პირობები სჭირდება, რომ წარმატებას მიაღწიოთ. დებოს აქვს საოცარი უნარები, ნიჭი, ტალანტი. იგი უკვე ბევრმა დიდმა მუსიკოსმა შენიშნა, მაგრამ თუკი ამ გზას აირჩევს, უსაზღვრო ნებისყოფა და შრომა დასჭირდება და მარტო ესეც არ კმარა. მე მას არ ვუბიძგებ მუსიკოსობისკენ, მაგრამ თუ ასე მოისურვებს, ვიცი, როგორც უნდა დავუდგე გვერდში.

 

- სიყვარული, რომელმაც ორ განსხვავებულ ეროვნების ადამიანს, ოჯახი შეგაქმნევინათ.

- მე და ამირი ერთმანეთს პარიზში 2010 წელს შევხვდით. პირველივე წამებიდან მივხვდი, რომ ჩემს წინ დიდი ადამიანი იდგა. შემდეგ ჩვენ დავმეგობრდით, უახლოესი მეგობრები ვიყავით, სანამ ოჯახს შევქმნიდით. ძალიან ბუნებრივად და თავისთავად გადაიზარდა  ეს მეგობრობა დიდ და გულწრფელ სიყვარულში. ალბათ, ცოტა ადამიანს თუ ერგება ბედად ასეთი სიყვარული და ურთიერთობა. მე მადლობელი ვარ განგების  და ამირის ამისათვის.

 

- ქალბატონო ნანა, როგორ მოხვდით საფრანგეთის ალფრედ კორტოს Ecole Normale-ში ზოგადად თქვენი განვლილ სასწავლო გზა?

 - პარიზში სასწავლებლად ჩემი უძვირფასესი პედაგოგის, თბილისი კონსერვატორიის ლექტორის ქალბატონი რუსიკო ხოჯავას რჩევითა და დახმარებით ჩამოვედი. ქალბატონი რუსიკოს  ხელმძღვანელობით ჩავწერე ალბომი, რომელმაც გამიხსნა გზა კორტოს école Normale-სკენ.

 

- თქვენ მოხვდით საფრანგეთში მოღვაწე  ქართველი პიანისტის გიგა ქაცარავას კლასში. თქვენ როგორ თვლით, ეს კიდევ ერთი გამართლებაა ცხოვრებისგან?

 - ბატონი გიგლა ქაცარავას კლასში მოხვედრა ვფიქრობ, რომ დიდი ბედნიერებაა. მე განზრახული მქონდა მასთან მესწავლა, არა იმიტომ, რომ იგი ქართველი იყო, არამედ  იმიტომ, რომ იგი საუკეთესო პედაგოგი  და პიანისტი იყო. გიგლამ მოისმინა  ჩემი ჩანაწერი და დათანხმდა, რომ მის კლასში ჩავრიცხულიყავი. ეს ალბათ, განგების დიდი საჩუქარი იყო. ეს იყო ზღაპრული წლები-ბატონ გიგლას საუკეთესო სტუდენტები ჰყავდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მე ყოველ წელს სტიპენდიანტი ვიყავი, თორემ კორტოში სწავლას ნამდვილად ვერ შევწვდებოდი ფინანსურად. ესეც იმის წყალობით,  რომ ბატონი გიგლა ქაცარავა კარგ რეკომენდაციას მიწევდა და გამოცდებს ყოველთვის წარმატებით ვაბარებდი. დღეს ბატონი გიგლა იაპონიაში მოღვაწეობს და ჩვენ დიდი მეგობრობა  გვაკავშირებს. მისი დიდი  მადლიერი ვარ!

 

- ასწავლით  პარიზის რეგიონის ორ მუნიციპალურ კონსერვატორიაში და ასევე უკრავთ ტრიოში. ამ დიდ საქმეებს შეჭიდებული ნანა ჭიქაშუა როგორ ახერხებს ამ ყოველივეს?

 - ამ ყველაფერს ნამდვილად ვერ მოვახერხებდი, რომ არა ამირის უდიდესი თანადგომა. და, რა თქმა უნდა, ჩემი საქმის უსაზღვრო სიყვარული.

- თქვენ და თქვენი ქალიშვილი ერთად დადიხართ ოპერაში, ფილარმონიაში, კლასიკურ მუსიკის კონცერტებზე და ამბობთ, რომ ეს თქვენი სამყაროა და ამისთვის ცხოვრობთ. რა არის განსხვავებული და ღრმა ამ სამყაროში, როგორ აღწერდით?

 - ეს სამყარო არის ნამდვილი, იგი არ არის ყალბი. ესაა ჩემთვის მთავარი. ეს სამყარო არ არის  სულგამოცლილი…. იგი ღრმაა და უსაზღვრო, სადაც ყოველწამს აღმოაჩენ, სწავლობ, განიცდი და ცხოვრობ.

 

 - უფალი და რწმენა! 1919 წლის ემიგრანტების შთამომავლობასთან თქვენი მეგობრობა და მართლმადიდებლური ეკლესია.

 - პარიზში მეთხუტმეტე რაიონში ქართული წმინდა ნინოს სახელობის ტაძარია. იქ წლების მანძილზე მგალობელთა  გუნდის წევრი ვიყავი. ძალიან დიდი სიყვარული და მეგობრობა მაკავშირებს ტაძრის წინამძღვარ მამა არჩილ დავრიშაშვილთან და მის მრევლთან. არ შემიძლია, დიდი მადლიერებით არ გავიხსენო  ბატონი ტარიელი და ქალბატონი მილი ზურაბიშვილები, აწ გარდაცვლილები, ჩემი დიდი გულშემატკივრები და მეგობრები იყვნენ.  ნამდვილად ვამაყობ ამით. მათ არ გამოუტოვებიათ არცერთი ჩემი კონცერტი პარიზში.

 

- ასოციაცია ,,თეთრი დროშა“ და თქვენი ქველმოქმედება.

 - ასოციაცია “თეთრი დროშა” საქველმოქმედო ასოციაციაა, რომელიც  კონცერტებს მართავს. მე მათთან ვთანამშრომლობ 2009 წლის შემდეგ და მათი ძირითადი კონცერტების სოლისტი ვარ. შემოსული თანხა სკოლების დაფინანსებისთვის გამოიყენება იმ ქვეყნებში, სადაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

   

- თქვენ ყველა შესაძლებლობას იყენებთ რომ საფრანგეთში, თქვენს სტუდენტებს გააცნოთ და შეასრულებინოთ ქართველ კლასიკოსთა ნაწარმოებები. თქვენ ამ ქმედებაშიც კი უდიდეს სიყვარულს დებთ საქართველოს და ქართველი ერის მიმართ.

- მე ვთვლი, რომ ქართული მუსიკა ფასდაუდებელი და იშვიათი მარგალიტია, განსაკუთრებით ქართული პოლიფონია. ჩემს მოსწავლეებს რეპერტუარში ყოველთვის  აქვთ ერთი ქართული პიესა მაინც. მე ფორტეპიანოს პედაგოგი ვარ, მაგრამ ძალიან მინდოდა ქართულ მრავალხმიანობას ზიარებოდნენ კონსერვატორიის მოსწავლეები. გავიარე სპეციალური კურსი, რომ გუნდის ხელმძღვანელობა შემძლებოდა და წელს პირველად კონსერვატორიის დირექტორის თანხმობით შევქმენი ბავშვთა გუნდი, სადაც ქართულ ფოლკლორს ვასწავლი. ეს არის უდიდესი სიხარული ჩემთვის.

- ყველაზე მეტად რის თქმა გსურთ, რას ეტყოდით ქართველ ახალგაზრდებს?

 - ქართველ და არამარტო ქართველ ახალგაზრდებს ვეტყოდი და ვუსურვებდი,  რომ იყვნენ დაინტერესებულები სამყაროს შეცნობით; ცოდნის, განათლების შეძენით, განივითარონ აზროვნება, ჰქონდეთ გატაცება, აფასებდნენ და უხაროდეთ სხვისი წარმატება, იყვნენ გულგახსნილნი და არა დამსჯელნი და მათთვის მატერიალური კეთილდღეობა არ იყოს ამოსავალი წერტილი ……

 

 

ინტერვიუ მოამზადა ეკა ოთარაშვილმა