ქალი, რომელიც ტოვებს ბრჭყვიალებს - იტალიელი მუსიკოსის სამყარო

დღეს ნამდვილი იტალიური დღესასწაული უნდა მოგიწყოთ და ფილიპას ჯადოსნურ სამყაროში უნდა გამოგზაუროთ, რომლის კარიც ყოველ შაბათს, საღამოს რვა საათზე იღება და ასე, მეჯლისიც იწყება.
სიტყვა ,,დღესასწაული“ შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან ჩემი პირველი ემოცია იტალიურ გართობასა და მოლხენასთან, სწორედ ესაა – შეგიძლია იყო უსასრულოდ ბედნიერი მაშინაც კი, როცა მიზეზი არ გაქვს.
და რადგანაც ვაპირებთ, დღეს უმიზეზოდ ბედნიერები ვიყოთ, მინდა ქართველ მსმენელს ეს არაჩვეულებრივი ქალი გაგაცნოთ. ქალი, რომელსაც ერთხელ ხუმრობით ვუთხარი: ,,ყველაფერი, რასაც შენ ტოვებ, ბრჭყვიალებს“- მეთქი და ეს პირდაპირი მნიშვნელობითაც კი ასეა. ფილიპას ტანსაცმლის დეტალები წყალზე არეკლილი მზის სხივებივით ბრჭყვიალებს ირგვლივ.
ფილიპა ჩემთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სიმღერა მისი საყვარელი საქმეა. საზოგადოების წინაშე ნამდვილი დედოფალია.
ჰო, აქვე გეტყვით, რომ ბევრი საუბარი არ უყვარს და მისი საკომუნიკაციო ენა – სიმღერაა, იგი მსმენელს მუსიკის ენით ესაუბრება.
მუსიკოსების ოჯახში გაზრდილი ფილიპასთვის, რთულია სხვა საქმე წარმოიდგინო, თუმცაინტერვიუს მსვლელობისას მან აღნიშნა, რომ უკვე მრავალი წელია თმის მოვლისსაშუალებების მაღაზია აქვს. ადვილი შესამჩნევია, როგორ უყვარს ყველაფერი, რასაც აკეთებსდა ყველა, ვინც ერთხელ მაინც შეაბიჯებს თავის ჯადოსნურ სამყაროში.
საუბრის ბოლოს, ვთხოვე ბავშვობის მოგონებებზეც ეამბო. მან კი ფიქრის გარეშე, ყველაზე ძვირფასი მოგონებებიდან – მამა გამოარჩია, რომელმაც სიმღერის და მუსიკის სიყვარული ასწავლა. და ალბათ, იმიტომაც, რომ სწორედ მამა იყო ის, ვინც შობის დღესასწაულს მეტ ჯადოსნურობას ჰმატებდა, ჩემი დასკვნით, ფილიპა მამას უნდა ჰგავდეს. მგონია, რომ ზუსტად მისგან ისწავლა, სამყაროსთვის ცოტა ბრწყინვალების მიმატება და ეს ისევე, როგორც თავისი კაბა, რომელიც მუდამ ტოვებს ბრჭყვიალებს.