სიცილიური დესერტი, ანუ როგორ ,,აღმოვაჩინე'' ახალი გემო

სიცილიური დესერტი, ანუ როგორ ,,აღმოვაჩინე'' ახალი გემო

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, თუ როგორ გამეყვანა ჩემი მოსაწყენი ზაფხული, გადავწყვიტე იტალიური გემოების აღმოჩენითა და მათზე წერით დავკავებულიყავი. სიმართლე ითქვას, საკუთარი ნებით სულაც არ გადამიწყვეტია, არც ვინმეს დაუძალებია. მოკლედ, ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც ჩემმა იტალიელმა მეგობარმა რენატამ, რომელსაც გრძელი წითელი თმები და მუდამ საინტერესო და უცნაური ვარცხნილობა აქვს და მე თუ მკითხავთ, გაზრდილი პეპის იტალიური ვერსიაა, ყუთით სიცილიური დესერტი გამომიწოდა და ყველაზე რთული საქმე, დესერტის არჩევა, დამავალა. მე, რა თქმა უნდა, როგორც ჭეშმარიტად ფსტის მოყვარულმა, ფსტიანი ბურთულა ავირჩიე და სახლში წამოვაბრძანე.

თუ ნაკლებადშაქრიანი ტკბილეულის მოყვარული ხართ, მაშინ ეს დესერტი სწორედ თქვენთვისაა, თუმცა ვიდრე ამ უგემრიელესი ბურთულის შესახებ გიამბობდით, რენატას მისი სახელი და ვინაობა ვთხოვე და ასე მოვაბრძანე თქვენამდე ,,ნუშის ნამცხვარი ფსტით“ Le paste di mandorla al pistacchio, რომელიც სირაკუზას პროვინციაში, ერთ პატარა საკონდიტროში დაბადებულა და მერე მთელს სიცილიაში გავრცელებულა.

ნაკლებად ტკბილმა, რბილმა და ფაფუკმა ბურთულამ, რომელიც სულაც არ გახლავთ ორცხობილის კონსისტენციის, ბავშვობის გემო გამახსენა თბილისურ იტალიურ ეზოში, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იტალია მხოლოდ გეოგრაფიის გაკვეთილზე არსებობდა და რუკაზე ყველაზე საინტერესო – ჩექმის ფორმა ჰქონდა. ამ ქვეყნის ორიგინალურობის ჯადოსნურობა, მის უცნაურ მორკალულ ფორმებშიც იგრძნობა.

ბევრი ვეძიე თუ ცოტა, აღმოვაჩინე, რომ დესერტის წარმოშობის ისტორია კიდევ უფრო შორეულ პერიოდში იწყება, უფრო ზუსტად კი 1100 წლის მიწურულს პალერმოს მარტორანას მონასტერში. ტკბილეულს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც სამეფო ნაწარმს, რადგან სწორედ მეფისთვის მზადდებოდა და მისი მახასიათებლების მიხედვით, თურმე ,,მეფის ღირსი ყოფილა“.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, აქვე რეცეპტსაც შემოგთავაზებთ:

  • 75 გ. ფსტა
  • 50 გ. ნუში
  • 1 კვერცხის ცილა
  • 125 გ. შაქარი
  • ნუშის არომატიზატორი
  • მწიკვი მარილი

მოათავსეთ ფსტა ბლენდერში, დაუმატეთ ნუში, მარილი, შაქარი, ნუშის არომატიზატორი და დააბლენდერეთ. 

დაუმატეთ კვერცხის ცილა.

ცომი უნდა იყოს შეკრული, რბილი და წებოვანი. ხელები დაისველეთ და ცომის მცირე ნაწილით პატარა ბურთულები დაამრგვალეთ.

სურვილისამებრ ამოავლეთ ფსტაში, შაქრის პუდრასა თუ ქოქოსის ფანტელებში. აქ თქვენი ფანტაზია და გემოს რეცეპტორები უმთავრესია. 

დაალაგეთ საცხობ ფირფიტაზე, რომელზეც საცხობ ქაღალდს მოათავსებთ, ერთმანეთისგან მოშორებით და დაასვენეთ მაცივარში მთელი ღამის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

გვინინა