სიზიფეს ტვირთთან მოაზრებული ემიგრანტული ცხოვრება

დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია თვითნასწავლი მხატვარი, პროფესიით პედაგოგი ემიგრანტი იტალიაში, ქალბატონი ნანა გრიგოლია, რომელიც დაიბადა და გაიზარდა პედაგოგების ოჯახში. არის გამოუსწორებელი რომანტიკოსი. თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული. უყვარს ბავშვები და ახალგაზრდა თაობა. დღემდე აქვს კონტაქტი ყოფილ მოსწავლეებთან, უკვე მეგობრების რანგში.
- ბავშვობა, მზის გასხივოსნებასთან ასოცირდება. ყველაზე მეტად რა კადრი გახსენდებათ თქვენი ბავშვობიდან?
- სამ წლამდე ვიზრდებოდი ჩემს დედულში, ხონის რაიონის სოფელ ქუტირში და არდადეგებზე ვსტუმრობდი ბებიას და ბაბუას. ჩემთვის, ბებოს მოყოლილი ზღაპრები ძილის წინ, ყველაზე ტკბილი მოგონებაა. ვეთანხმები აკაკის სიტყვებს სოფელ სავანეში გატარებულ ბავშვობაზე, რომ ამბობს... ,,თუკი რამ კარგია ჩემში, მხოლოდ იმიტომ, რომ სოფელთან მქონდა კონტაქტი, ბუნებასთან, ცხოvელებთან, ხალას ადამიანებთან...“ მამა ძველი აბაშიდანაა წარმოშობით, კონსტანტინეს სოფლიდან და ორი ფეხის ნაბიჯზეა მისი ბავშვობის ადგილსამყოფელი ჩვენი სახლიდან. ბაბუა, მისი კლასელი იყო დაწყებითში და მერე მეგობარი უკვე სოფლის საბჭოს თავმჯდომარე. იმ ადგილების სიახლოვეს არდადეგებზე ყოფნა, კონსტანტინეს სიტყვებით რომ ვთქვათ, სადაც მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე ზანა ჩამოედინება, ჩემთვის ერთგვარი უთბილესი მოგონებაა და მდინარე ზანაში ჭყუმპალაობა კი ნაკურთხ წყალში ბანაობის ტოლფასი...
- ქართული ოჯახი, რომელიც განსხვავებული ფენომენია;
- ჩემი ოჯახი, ასევე დედისა და მამის მხრიდან ბებია-ბაბუების ოჯახებიც ტრადიციული, ქართული ოჯახები იყო, სადაც ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის აზრების ანგარიშის გაწევა და დიდი სიყვარული სუფევდა. ზრუნვა ახალგაზრდებზე და მათთვის საუკეთესო განათლებისა და თვითგანვითარებისთვის უკანასკნელი კაპიკების გაღებით, პატიოსნად შრომა და საზოგადოებაში დაფასებულები - ასეთები იყვნენ ისინი...
- მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია თაობები გადაარჩინოს...
- პედაგოგების ოჯახში აღზრდილს, შესისხლხორცებული მქონდა ეს პროფესია. ჩემს სადამრიგებლო კლასს, რუსთაველს ვესესხებოდი და ,,ხანაგას" - თავშესაფარს ვეძახდი ხუმრობით, რადგან ბევრი სხვა პარალელურ კლასებში ვერდამორჩილებული მოსწავლე, დირექტორს ჩემთან გადმოჰყავდა, შენ მოუვლიო... შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ არც ერთი ჩემს ხელში გამოვლილი მოსწავლე, წლები რომ მისწავლებია, კრიმინალი არ გამხდარა... ყველა ძნელადაღსაზრდელთან ვცდილობდი მოთმინებით და მათ სულიერ სამყაროში წვდომით, მათი გული მომეგო, დამემეგობრებინა და სწორ გზაზე დამეყენებინა.
- ადამიანი, რომელიც ყველაფერზე თვალს ხუჭავს, სიკვდილია..
- თვალის დახუჭვა ბოროტებაზე და უსამართლობაზე, მეც სიკვდილად მიმაჩნია... ყოველთვის ვარ და ვიყავი სიმართლის მოყვარული და დამცველი. პიროვნებასაც, როცა რაიმე მისი არ მომწონს, ვფუთავ ტაქტიანად სათქმელს და პირში ვეუბნები.არ მიყვარს ზურგს უკან ქილიკი. ასევე ვარ სოც.ქსელშიც. დავწერ სიმართლეს და ვიცავ ჭეშმარიტებას!
- ათი წელია ემიგრანტი ბრძანდებით და საკმაო გაკვეთილი გაგატარათ ცხოვრებამ. საინტერესოა თქვენი თვალით დანახული ქართველი ემიგრანტები.
- ათი წლის ემიგრანტობამ მაინც ვერ შემცვალა. ვიცი, რომ ეს ყოფა უცხო მხარეში დროებითია. ჩემს გარშემო ყველა ქართველი ქალბატონი ერთგულად და თავდადებით ეკიდება მოხუცების მოვლას. ჩემს ქალაქში, ქართველებს უფრო ეძებენ მომვლელებად. რაც შეეხება მე, შეძლებისდაგვარად, ვუწვდი ხელს თანამემამულეებს, იმედიანი სიტყვით გულს ვუკეთებ და ზოგიერთის უმძიმეს ყოფას, სულიერს, თუ ფიზიკურს, ვცდილობ რაიმეთი შევეხიდო...
- შემოქმედება ემიგრანტების განუყოფელი ნაწილი გახდა. რამ აგაღებინათ ფუნჯი ხელში?!
- ბავშვობადი მიყვარდა ხატვა და მხოლოდ ფანქრებით ვხატავდი. განსაკუთრებით, პორტრეტებს. ჩემი პროვოცირება იტალიაში, გამოიწვია ჩემი მოხუცის ვაჟის სახლში, 2015 წელს ერთმა ტილომ, რომელზეც ყაყაჩოიანი ველია ასახული. ახლა ისეთივე, ჩემი მცდელობით შევასრულე და ჩემი არტგვერდის ქავერზე მიდევს. ძველი ტილოს მოსაცმელი დავჭერი და პირველი ნახატი იმ ველის კოპირებით შევასრულე. მას მერე სხვა ნახატებიც მოჰყვა. მერე უკვე ზეწრის ნაჭრებზე, სანამ აღმოვაჩენდი, რომ იყიდება გამზადებული, ჩარჩოებზე გადაკრული ტილო დასახატად. ორი წელი თავაუღებლად ვხატე და ეს დიდ შვებას მაძლევდა. მხოლოდ ორი რჩევა მივიღე მეგობრის მხატვარი შვილისგან: - ჩრდილების ხატვისას, შავი ფერი არ გამომეყენებინა და მეხატა ნათელ ფერებში...დანარჩენი ჩემივე ძალებით და მცდელობით მოვახერხე...
- თქვენს შემოქმედებაში ემიგრანტის ტვირთის შედარება მითიურ სიზიფესთან.
- სიზიფეს ტვირთად მოვიაზრე ემიგრანტობა, რადგან ვინც საზღვარგარეთ ჩამოდის, მათ საქართველიში დატოვებულ ოჯახებს არ ელევათ პრობლემა და დაუსრულებელი მათი საემიგრანტო ვადა. პატიმარმა იცის, როდის გათავისუფლდება, ემიგრანტი ჩამოდის იმ ვარაუდით, რომ დარჩება ცოტა ხნით ( მე ერთი წლით ვფიქრობდი და ათი წელი შემომეხარჯა...) და ხელში ეცლება წლები...
- თქვენი პირველი გამოფენა და იტალიელი დამთვალიერებლების შთაბეჭდილება.
- პირველი გამოფენა 2020 წლის ივნისში მოეწყო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო იტალიელი და ასევე ქართველი დამთვალიერებლებისთვის ალეგორიული ტილოები, როგორც ემიგრაციის, ასევე სხვა თემაზე.
- გამოფენა, რომელიც შედგა 26 ნოემბერს, თქვენ უძღვენით ქართველ მხატვარს თამარ მოდებაძეს, რომლის ნახატიც ,,ხუთი განზომილება" პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა რებეკა რომელიმე ლეონარდო და ვინჩის ხელწერას შეადარა.
- ქალბატონ თამარ მოდებაძის ნამუშევრებს მისსავე სიცოცხლეში გავეცანი და უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა. მისი ტილოები მიმაჩნია, თანამედროვე ქართულ მხატვრობაში გენიალურ ნაწარმოებებად. თამარის სიკვდილმა კი შემძრა და დღემდე ეს ტკივილი თავს არ მანებებს. შევქმენი ტილო მისი პორტრეტით და მისსავე ნამუშევრების აღებული პერსონაჟებით. ამ სახით გამოიხატება მისი ტრაგიკული გარდაცვალება ალეგორიული ფორმით. ჩემს გამოფენაზე მოსულ იტალიელ თუ ქართველ სტუმრებს ვესაუბრებოდი მხატვარ თამარ მოდებაძეზე, მის დიდ შემოქმედებაზე და რომ ეს გამოფენის დღეები, მას ეძღვნებოდა. ახლა ამას ვწერ და ცრემლები მერევა ისე, როგორც იმ მომენტში, როდესაც ქალბატონმა მარია-კარმელა დიბატისტამ, რომელიც არის ფილოსოფოსი მოულოდნელი სიურპრიზით. მობრძანდა მეგობრებთან ერთად და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
- ჯვართან ერთად რა სიმბოლოს ატარებთ?
- ჯვართან ერთად ვატარებ, გულის ფორმის მედალიონში ქართულ მიწას და მედალიონებს, ღვთისმშობლის და წმინდა ნიკოლოზის გამოსახულებით.
- თურმე თქვენ საბავშვო ლექსებსაც წერთ. ეს ალბათ, თქვენს პატარა ,,მერცხლებს" ეძღვნებათ
- საბავშვო მწერლობაში კალამი შვილიშვილების მონატრებამ ამაღებინა. მაქვს ინტერნეტ გვერდი, რომელშიცაა საბავშვო ლექსები, მოთხრობები და იგავები, ხუთი წიგნის მასალა, რომელთა გამოცემაზეც მინდა ვიზრუნო.
- ვოლფანგ გოეთეს სიტყვები ,,ყოველთვის გჯეროდეს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია"...
- ვეთანხმები გოეთეს სიტყვებს: ,,ყოველთვის გჯეროდეს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია"... ვიტყოდი, რომ ჩემ მიერ განვლილი ცხოვრების გზა არის ამის დასტური...
- თქვენი მესიჯი საქართველოს და ქართველ ხალხს
- ჩემს ქართველ ხალხს და სათაყვანებელ სამშობლოს მინდა შორიდან მოვეფერო, თუმცა მე ფიზიკურად ვარ იტალიაში, სული კი იქ ტრიალებს... მე მედეას ქალაქიდან და ქვეყნიდან ვარ და ამას იტალიელებთან სიამაყით აღვნიშნავ. გარდა მაგისა, მივიჩნევ თავს ჩემი ქვეყნის დესპანად და სადაც კი ხელი მიმიწვდება, ყველას ვაცნობ ჩვენს კულტურას, ძველი ცივილიზაციის ქვეყანა რომ ვართ და რამდენი საამაყო შვილი გვყოლია და გვყავს. იტალიურად თარგმნილი ,,ვეფხისტყაოსანიც" შევიძინე და გავაცანი ჩემს საახლობლოს. და ბოლოს, ჩვენ დავბრუნდებით!!!
ინტერვიუ მოამზადა ეკა ოთარაშვილმა