საბერძნეთში პირველი ქართული კერის დამაარსებელი - დარეჯან ღამბაშიძე

საინტერესო ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა, მათი მსოფლმხედველობის გაზიარება და მათ მოღვაწეობასა თუ სირთულეებზე საუბარი, ერთგვარი ბედნიერებაა, საიდანაც ყოველთვის გამარჯვებულები გამოდიან დიდი და დაუღალავი შრომის შედეგად.
რუბრიკა ,,გაქცევით შეჩერებულების“ დღევანდელი სტუმარი გახლავთ ათენში მცხოვრები მშვიდი და მიზანდასახული ქალბატონი დარეჯან ღამბაშიძე, რომელსაც ძალიან უყვარს გონიერ და მოაზროვნე ადამიანებთან ურთიერთობა.
2000 წელს ათენში დააფუძნა პირველი განათლების კერა, ვახტანგ მეექვსის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. საერთოდ კი, მისი ემიგრანტობის 27 წლის განმავლობაში, გახლავართ ხუთი ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, სათაო ოფისი სათვისტომო „იბერიაა.“
- მოგესალმებით, ქალბატონო დარეჯან. სისათუთე და სისპეტაკე, ბავშვობიდან მოდის. რას გვეტყოდით თქვენს ბავშვობაზე?
- ძალიან ლაღი და სიყვარულით სავსე ბავშვობა მქონდა, ხუთ და-ძმას შორის მამა პირველი დაქორწინდა, ამიტომაც ბევრი სიკეთე, სითბო და რაც მთავარია, ადამიანური თვისებები გამომყვა მათგან. სამი მამიდა და ერთი ბიძა ცდილობდნენ კარგი აღზრდა მოეცათ ჩემთვის.
- ცხოვრების მიზანი და აზრი, ეს შვილებია და ოჯახი. გაგვაცანით თქვენი შვილები.
- მყავს ერთი ქალიშვილი ნათია ნადარეიშვილი და შვილიშვილი ელიზავეტ ხუხუა. ნათიამ ათენის ზოგრაფოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა( სამსახიობო), მაგრამ მუშაობს ბიზნესის სფეროში. ლიზამ კი ათენის ეროვნული უნივერსიტეტი ახლახანს დაამთავრა, მანაც (სამსახიობო) და იღებს კასტინგებში მონაწილეობას.
- რას გვეტყვით თქვენს ხანგრძლივ ემიგრანტულ წლებზე , რომელიც ყოველთვის თავის ავტოგრაფს გვიტოვებს.
- გაგიკვირდებათ, მაგრამ ადაპტაცია ძალიან არ გამჭირვებია. დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობდი კუნძულებზე სერვიტორად, ისეთი სასიამოვნო იყო სხვადასხვა ქვეყნის ტურისტთან მუშაობა, მომწონდა კიდეც ჩემი ახალი პროფესია. საქართველოს კი ყოველთვის გულით დავატარებდი.
- თქვენ მიერ შექმნილი ორგანიზაციები, ვფიქრობ, თქვენი და თქვენი თანამემამულეების გადარჩენის გზა იყო, ზოგადად ემიგრანტების.
- სასიხარულოა, რომ ემიგრაციაში, ვისაც შეეძლო , ყველამ მოძებნა თავის გზა ან ადგილი. პროფესიით უახლესი ქართული ლიტერატურის მაგისტრი ვარ და ძალიან განვიცდიდი აქ მყოფმა ბავშვებმა. ქართული რომ არ იცოდნენ. მადლობას გადავუხდი მაშინდელ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რჩეული დიპლომატიური გუნდით, ბატონ ზვიად ჭუმბურიძეს, რომელიც ძალიან დამეხმარა საკვირაო სკოლის დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში.
- გამარჯვების შეგრძნება, რომელიც უამრავი სიძნელეების გადალახვის შემდეგ დგება, გამარჯვების, რომელიც უძილო ღამეებს და მრავალი ადამიანის ტკივილს ასახავს.
- ჩემთვის დამარცხებაც დიდი გამარჯვებაა, რადგან ადამიანები სულ ვსწავლობთ, ბუნებრივია, რამე გაგვეპარება, უამრავჯერ დამთენებია თავზე, მაგრამ ეს ყველაფერი სიამოვნებაა, რადგან ვიცი, ჩემს ორგანიზაციაში მოღვაწე ემიგრანტებს და არა მარტო.. მოსწონთ ჩემი ჩანაფიქრი და ჩემთან ერთად მზად არიან უამრავ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა და ვუმასპინძლოთ უამრავ სტუმარს, ვინც კი დაინტერესებულია ჩვენით.
- ერთი ფანჯრიდან ორი ადამიანი იყურებოდა, ერთმა დაინახა წვიმა და ჭუჭყი, მეორემ მწვანე ფოთლები, გაზაფხული და ცისფერი ცა...
- დიახ, ვისაც როგორ შეუძლია, ისე ხედავს. მეც ვცდილობ, ორთავ თვალის სინათლით ვხედავდე...
- პასუხისმგებლობა, რომელიც ზოგჯერ სურვილებს ღალატობს.
- ძალიან ბევრჯერ გადამიადგილებია ჩემი სურვილები, რადგან ვიცი, რა საქმესაც ვეწევი, არ უნდა ვუღალატო.
- ათენის ,,ქართული სახლი“, განათლების, კულტურის ცენტრი „კავკასია“ „მეცნიერთა კონგრესს“ მასპინძლობთ. იმედი, რომელსაც მზის სხივი მოაქვს.
- მე მხარი დავუჭირე მეცნიერებს. ვიცი, მათ ბევრი წელი იშრომეს, ჩაატარეს კვლევები, სამშობლოს, მათი თანადგომა სჭირდება, მათ კი ჩვენი ემიგრანტების. ამდენად კონგრესმა თავის სიტყვა უნდა თქვას საქართველოს მომავლის განსაზღვრაში.
- შემოქმედებითი ცხოვრების რამპა. შეხვედრები მწერლებთან, პოეტებთან ქართულ თეატრებთან.
- 27 წლის მანძილზე ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. ჩვენ ემიგრანტები ვიცნობთ ერთმანეთს, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის დიასპორის დეპარტამენტს, რომელიც ყოველწლიურად მართავს შეხვედრას მსოფლიოში გაბნეულ, ჩვენს თანამემამულეებთან. „პოეზის ფესტივალი“, რომელიც დედაენის დღეს მივუძღვენი საინტერესო ადამიანებისაგან შედგა. ათენში 14 აპრილისათვის ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან პოეტი ემიგრანტები ჩამოდიოდნენ და იღებდნენ მონაწილეობას. პანდემიის გამო, ვერ ჩავატარეთ მესამე ფესტივალი, მაგრამ წელს ვფიქრობ, ჩავატარებთ ბელგიაში, სადაც გვაქვს ორგანიზაცია. მსოფლიო ემიგრანტთა გაერთიანებული ცენტრი და თანადამფუძნებელია ქალბატონო ანა ბალამწარაშვილი, რომელიც გვიმასპინძლებს. სოციალური ქსელით კი ბევრი პოეტი, მწერალი, მხატვარი, მსახიობი და მუსიკოსი დამიკავშირდა. ასევე მოვიძიე მეც და კავშირები გაფართოვდა.
- ქალბატონმა იოჰანა კალაფუტმა თქვენ და ავთანდილ მიქაბერიძე მიგიწვიათ ბიზნეს სემინარზე. რით იყო ეს საინტერესო, როგორც ქართველისათვის?
- ქალბატონი კალაფუტი ჩემი მეგობარია, უკვე 15 წელია ვიცნობთ ერთმანეთს. ის ორჯერ იყო საქართველოში, ძალიან მოსწონს საქართველო და ცდილობს, გაიცნოს ადამიანები, რომელიც დაეხმარება საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობების გაღრმავებაში, კულტურისა თუ ბიზნესის კუთხით, ამიტომაც ვეპატიჟებით ერთმანეთს და ვფიქრობ, არსებითად ჩამოვაყალიბებთ შემდგომ ნაბიჯებს.
- თქვენი ჩართულობა საქართველოს ცხოვრებაში კვალი, რომელსაც ტოვებთ.
- საქართველო ჩემი (ჩვენი ტკივილია ) ყოველი წუთი, წამი, დღე, საქართველოსთან ერთად იწყება. ემიგრანტები ყოველთვის მხარს ვუჭერთ ჩვენი თანამემამულეების სამართლიან მოთხოვნას, გარეჯის თემა, რიონის ხეობა, აგვისტოს ომი. ეკონომიკის გაძლიერება, გაჭირვებული ადამიანების, თუ ავადმყოფი ბავშვების დახმარება, ეს ყველაფერი ჩვენი ხელწერაა და მეც არასოდეს ვრჩები ჩრდილში. ჩემი კვალი, ყოვეთვის ასოცირდება ქართულ საკვირაო სკოლასთან.
- ცხოვრება ცბიერია, როდესაც ხელში ყველა კარის გასაღები გვაქვს, ის უეცრად უკარებო წრეს გვახვედრებს...
- ადამიანი სიძნელეების გარეშე ვერ იფრენს, მე ვთვლი, რომ გამკლავება უნდა შევძლოთ, უფლის იმედად ყოფნა დიდი სარგებელია საკუთარი თავისთვის. ენერგია და ძალა გეძლევა წამოსადგომად და ახალი გზების გასაკვალად.
- კითხვა, რომელიც უნდა დამესვა და არ დავსვი.
- საკმარისი კითხვები დასვით, მაგრამ გამოგრჩათ, როგორ აფასებს, ჩვენი სამშობლოს ხელისუფლება, ჩვენს ღვაწლმოსილებას?( თუ ეს ასეა)
- თავისუფალი ის არის, ვინც არასოდეს იტყუება. ჩვენს შეჭირვებულ საქართველოს დღეს რას უსურვებდა ქალბატონი დარეჯან ღამბაშიძე.
- ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ქვეყანა ვნახო თავისუფალი, ღირსეული, ძლიერი, რათა ემიგრანტობა აღარ არსებობდეს ნების გარეშე. მოხუცებს და ბავშვებს აღარ შიოდეთ. ყველა ადამიანის უფლება იყოს დაცული, ვცხოვრობდეთ და ვშრომობდეთ ქართულად, ვაკეთებდეთ ქართულ საქმეს! მადლობა თქვენ!
ინტერვიუ მოამზადა ეკა ოთარაშვილმა