როგორ მოვითხოვოთ თავშესაფარი ესპანეთში? | მაგდა ნუცუბიძე

როგორ მოვითხოვოთ თავშესაფარი ესპანეთში? | მაგდა ნუცუბიძე

როგორ მოვითხოვოთ თავშესაფარი ესპანეთში?

 

თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით Merani TV-ს რუბრიკაში ,,მიგ.რაცია“, რომელიც საემიგრაციო საკითხებს აშუქებს კანონთან მიმართებაში ემიგრანტმა და უცხო ენების სპეციალისტმა, მაგდა ნუცუბიძემ ისაუბრა.

 

,,თავშესაფარი, იგივე Asilo ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც დევნილია საკუთარი ქვეყნიდან სხვადასხვა მიზეზის გამო. Asilo-ს ბენეფიციარი შეიძლება იყოს ნებისმიერი ის პიროვნება, რომელიც ჩამოსულია ესპანეთის ტერიტორიაზე, ხოლო გასაუბრებისა და მონაცემთა განხილვის შემდეგ ესპანეთის მთავრობა გადაწყვეტს არის თუ არა განმცხადებლის მიერ წარდგენილი მონაცემები და მიზეზები ნამდვილი და მისი დაბრუნება საკუთარი წარმომავლობის ქვეყანაში არის თუ არა საფრთხის შემცველი.

Asilo არის 2 სახის: პოლიტიკური და ჰუმანიტარული.

რა ეტაპი უნდა გაიაროს თავშესაფრის თხოვნის შესახებ განმცხადებელმა პირმა და რა სჭირდება მას ამისთვის?

 

პირველ ეტაპზე, თავშესაფრის თხოვნის შესახებ განმცხადებელი პირი უნდა გამოცხადდეს პოლიციის შენობაში და თან იქონიოს პასპორტი, 2 ფოტოსურათი და ყველა ის მტკიცებულება, რომელიც იქნება ვალიდური საკუთარი მოტივის დასადასტურებლად.

პოლიციის განყოფილებაში ხდება განცხადების შეტანა. სწორედ ამ დაწესებულებიდან შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია.

თავშესაფრის განმცხადებელ პირს, რომელსაც არ აქვს რაიმე სახის შემოსავალი, ესპანეთის მთავრობა მიუჩენს დროებით საცხოვრებელს სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში, სადაც ისინი უზრუნველყოფილნი არიან პირველადი საჭიროებებით.

ამის შემდგომ აღნიშნულ პირს ენიშნება შეხვედრა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ აუღებენ თითის ანაბეჭდებს.

მეორე ეტაპზე შეხვედრისას აუცილებელია პირმა დასაბუთებულად მოყვეს ყველა ის მიზეზი, რის გამოც დატოვა საკუთარი ქვეყანა. იმ შემთხვევაში, თუკი ესპანეთის სახელმწიფომ დააკმაყოფილა თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განმცხადებელი, მას მიანიჭებს პირად ნომერს (NIE), რომლის მიღებიდან 6 თვის შემდეგ, ადამიანს ეძლევა მუშაობის უფლება, 6 თვის დასრულებიდან - 3 თვეში კი პირი იღებს წითელ ბარათს.

 

რა ხდება უარყოფითი პასუხის მოსვლის შემთხვევაში?

 

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, საემიგრაციო მოსამართლე გასცემს ნებართვას ქვეყნის დატოვების შესახებ. მოსამართლის გადაწყვეტილებიდან 15 დღის განმავლობაში, პირი ვალდებულია დატოვოს ესპანეთის ტერიტორია.

 

რა ხდება დადებითი პასუხის მოსვლის შემთხვევაში?

 

წითელი ბარათის მოპოვების შემთხვევაში ადამიანს ეძლევა საშუალება ჰქონდეს ყველა ის უფლება, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს, როგორიცაა პირადი ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, ჯანდაცვის მომსახურეობა და სხვა მრავალი.

ესპანეთში თავშესაფრის მაძიებელ თითოეულ პირს ენიშნება სოციალური დახმარება 400£ ოდენობით. იმ შემთხვევაში თუ პირი ესპანეთის ტერიტორიაზე საკუთარ ოჯახთან ერთად ითხოვს თავშესაფარს, 400£-იანი სოციალური დახმარება იზრდება 100 ევროს ოდენობით თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე, 6 თვის განმავლობაში.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ თავშესაფრის მაძიებელი პიროვნება თავად არ ირჩევს იმ საცხოვრებელს, რომელიც პოტენციურად შესაძლოა მიაკუთვნონ განცხადების განხილვის დადებითი პასუხის შემთხვევაში. პირისთვის თავშესაფრის მინიჭების პროცესის დადებითად წარმართვის დროს, მას თავშესაფარი მიენიჭება ესპანეთის იმ ქალაქში, რომელსაც გადაწყვეტს თავად ესპანეთის სასამართლო.

 

თავშესაფრის მთხოვნელ არასწრულწლოვანს აქვს სწავლის უფლება სკოლაში ჩაწერის გარეშე. სკოლაში ჩაწერა ხდება საბუთების ლეგალიზებისა და წესრიგში სრულად მოყვანის შემთხვევაში''.  - მაგდა ნუცუბიძე.