რადიოდან მესმის ნანი ბრეგვაძის ხმა: " ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო...", საოცარი რამ დამემართა, მინდოდა ის რადიო გულში ჩამეკრა

ქართველი პოეტი რუსუდან კაციტაძე Merani TV-ს 13 ბლიც შეკითხვას პასუხობს:
ვარ...
გაორებული ადამიანი ვარ. ორი, რადიკალურად განსხვავებული "მე" ცხოვრობს ჩემში: ერთი ხალისიანი, ლაღი და სიცოცხლეზე შეყვარებული "მეა", მეორე კი დეპრესიისკენ მიდრეკილი და ზედმეტად მგრძნობიარე. სწორედ ეს მეორე "მეა" მარტო დარჩენილი რომ მიედმოედება ცისას და ბარისას, ხან პროზად და ხან პოეზიად... (ისე, მართლა მაინტერესებს, არსებობს ვინმე ამქვეყნად, ვინც ბოლომდე შეიცნო საკუთარი თავი?)
დღე რომელსაც შევცვლიდი ბავშვობიდან...
ბავშვობა იმდენადაა გაჟღენთილი მომავლის რწმენითა და იმედით, ზღაპრებითა და ზღაპრული ოცნებებით, რომ არათუ დღეს, წუთსაც კი ვერ გავიმეტებ...
მინდა მესმოდეს...
ტყის ხმები მინდა მესმოდეს: გალობა, შრიალი, ჩუხჩუხი...
შეკითხვა რომელსაც დავსვამ...
საით მიექანება სამყარო?
პერსონაჟი რომელიც მგავს...
ბავშვობაში რომელ წიგნსაც ვკითხულობდი, კითხვის დროსაც და მერეც, კარგახანს ვიყავი იმ წიგნის პერსონაჟი. ასე რომ, ვყოფილვარ პეპიც და ალენუშკაც, მატილდაც და ჯენიც, კლელიაც და პაოლაც... ახლა კი, მერილ სტრიპის ერთ-ერთი პერსონაჟი მაგონებს საკუთარ თავს...
ფიქრი, რომელსაც ვერ ვთმობ...
დავთმობდი სიამოვნებით ( ძალიან მტკივნეულია,ძალიან), მაგრამ თავად არ მტოვებს ამ გამოშიგნულ და გამეტებულ ქვეყანაზე ფიქრი...
რჩევა, რომელიც მახსოვს...
ამ წუთში, ჩემი დის შვილიშვილის, პატარა, ჭკვიანთვალება ეთუნას რჩევა გამახსენდა: " ბებო , კარგად დაიმახსოვრე, არავის მისცე უფლება გაწყენინოსო" .თან, სულ მაგალითებით დამისაბუთა...
ჩემი ცხოვრების მუსიკა...
მუსიკა დიდი დოზითაა ჩემს ცხოვრებაში, მალე ჩემი ცხოვრების მუსიკას შვილიშვილების ღუღუნს დავარქმევ
განათლება არის...
სწორედ განათლებაა, აზროვნების უნარს რომ აყალიბებს, მაგრამ განათლება, შინაგანი ინტელექტისა და კეთილშობილების გარეშე, მშრალი და ცივია.
ვაღიარებ...
გაცილებით რეალიზებული შემეძლო ვყოფილიყავი...
მენატრება...
ამ წუთში ყველაზე ძალიან საკუთარი თავი და მთები მენატრება...
როდესაც შინ არ ვარ ...
ვცდილობ, ვიყო იქ, სადაც ისე ვგრძნობ თავს, როგორც შინ...თუ ასე არაა, საშინელი დისკომფორტი მაქვს ხოლმე...
ემიგრაცია...
ემიგრაციაში თავად არასოდეს ვყოფილვარ... მახსოვს, სულ პირველად, საქართველოს ფარგლებს სტუდენტობისას გავცდი, ერთი კვირით პეტერბურგში, მაშინდელ ლენინგრადში ვიყავი. მესამე საღამოა და რადიოდან მესმის ნანი ბრეგვაძის ხმა: " ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო...", საოცარი რამ დამემართა, მინდოდა ის რადიო გულში ჩამეკრა, თავის ქართულ ხმებიანად...ჰოდა, როგორ არ მესმოდეს ემიგრანტული ნოსტალგიის. ყველა ემიგრანტი ჩვენი დროის გმირია და ვისურვებდი მალე ყველა დაუბრუნდეს სამშობლოსა და საკუთარ კერას...