ოჯახის გაერთიანება აშშ-ში | მიგ.რაცია

ოჯახის გაერთიანებასთან დაკავშირებით Merani TV-ს რუბრიკაში ,,მიგ.რაცია“, რომელიც საემიგრაციო საკითხებს აშუქებს კანონთან მიმართებაში, ამერიკის საემიგრაციო საკითხების კონსულტანტმა, პარალეგალმა და ნიუ-იორკის შტატის ნოტარიუსმა, ეთო ვაშაყმაძემ ისაუბრა.
ოჯახის რომელი წევრის შემოერთების უფლება აქვს, როგორც ამერიკის მოქალაქეს, ასე მწვანე ბარათის მფლობელს?
რა პროცედურებთანაა დაკავშირებული ოჯახის წევრის შემოერთება?
რა განსხვავებაა აშშ-ს მოქალაქესა და მწვანე ბარათის მფლობელს შორის?
აშშ-ს მოქალაქეს შეუძლია ოჯახის შემდეგი წევრების შემოერთება: მშობლები, მეუღლე, სრულწლოვანი/არასრულწლოვანი შვილები ან დაოჯახებული/არადაოჯახებული, დედმამიშვილები.
მწვანე ბარათის მფლობელს უფლება აქვს შემოიერთოს მეუღლე, სრულწლოვანი/არასრულწლოვანი შვილი.
სრულწლოვანი შვილის შემთხვევაში, იგი არ უნდა იმყოფებოდეს ქორწინებაში.
შემოერთების პროცედურა:
ფორმა I-130 შევსება, რომელიც წარმოადგენს ოჯახის შემოერთებისთვის აუცილებელ პეტიციის ფორმას;
მოცემული ფორმის შევსება ხდება როგორც ONLINE, საემიგრაციოს ვებ-გვერდზე, ასევე შევსებული და ამობეჭდილი ფორმა შეგვიძლია გავგზავნოთ ფოსტით საემიგრაციოში.
I-130 პეტიციის ღირებულება, იგივე საემიგრაციო მოსაკრებელი შეადგენს 535$
ვადები ინდივიდუალურია, დამოკიდებულია იმაზე, თუ ოჯახის რომელ წევრს იერთებს მწვანე ბარათის მფლობელი თუ აშშ-ს მოქალაქე. ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ შტატში იმყოფებით და სწორედ თქვენი შტატის მიხედვით, რომელ საემიგრაციო ოფისში მოხვდება პროცესისთვის თქვენი შემთხვევა.
იმ შემთხვევაში, თუ მწვანე ბარათის მფლობელი იერთებს მეუღლეს ან არასრულწლოვან შვილს და იმყოფებით კალიფორნიის შტატში, ვადა შეადგენს 25.5 თვეს, პროცესი მთლიანად დამოკიდებულია საემიგრაციოზე.
როგორც კი საემიგრაციო ოფისი დაასრულებს თქვენი პეტიციის აპლიკაციის პროცესს და მიიღებთ დასტურს, შემდეგი ეტაპი გრძელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ეროვნულ ვიზა ცენტრში (NVC).
ვიზა ცენტრის ვებ-გვერდზე საემიგრაციო მოსაკრებლის გადახდისა და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ, 90 დღის განმავლობაში მიიღებთ დასტურს, რომ თქვენი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს NVC მოთხოვნებს.
ამის შემდეგ კი ელოდებით თქვენი ოჯახის წევრის ინტერვიუს აშშ-ს ადგილობრივ საკონსულოში ან თქვენი ქვეყნის საკონსულოში.
ინტერვიუს წარმატებით გავლის შემთხვევაში, თქვენი ოჯახის წევრი მიიღებს ვიზას, რათა შეძლოს აშშ-ში ჩამოსვლა. ჩამოსვლიდან მოკლე დროში კი მიიღებს მწვანე ბარათს იმ მისამართზე, რომელიც აპლიკაციაში გაქვთ.
ეთო ვაშაყმაძე