ომში დარჩენილი სიკვდილს მიჩერებული შენი ლაჩარი მამა…

Mar 13, 2023 - 03:31
 0
ომში დარჩენილი სიკვდილს მიჩერებული შენი ლაჩარი მამა…
წერილი შვილს ომში დარჩენილი მამისგან
შენ არც კი იცი, რა არის მატარებელი…ასანთის ღერისხელა თითებს მინაზე სერავ და ხელს მიქნევ, მშვიდობით, მამა!
მე უდედო ხბოსავით ვბღავი და შენთან მინდა…შენთან მინდა, შვილო…
მატარებელი გრძელია, მამა!
ახლა რომ რელსზე აგუგუნდება, უნდა მოუსმინო…გულივით ფეთქავს…სხვას არაფერს მოუსმინო და არაფერი დაინახო…
შენ წახვალ და ცაზე ბუშტივით გახეთქილი ჭურვი გეგონება ჭექა-ქუხილი…ვწუხვარ…არაფერი მაქვს წუხილის მეტი და ვწუხვარ, ომში დარჩენილი სიკვდილს მიჩერებული შენი ლაჩარი მამა…
თუკი ოდესმე შეგხვდები, ხელში აგიტაცებ და მხრებზე შეგისვამ…ჩავსხდებით მატარებელში და შინ დავბრუნდებით…
ნეტავ, თუ შეძელი ჩემი სახის დამახსოვრება…მე კი არასდროს დამავიწყდება შენი შიშისგან დაცვარული პაწია შუბლი და ჰაერში მაჯების რწევა!
მშვიდობით, მამა!
გიკოცნი თმებს და გულის ფიცარს…
სულს ვკოცნი შენსას…
მე შემიძლია, ახლავე მოვკვდე, თუმცა მძიმეა გსურდეს სიკვდილი, როცა შენ მელი…
შენს ლოდინს ჩემი სიცოცხლე სჭირდება პასუხად…
შევხვდებით, ეგრე როგორ გაგვწირავს ღმერთი, მე მიყვარდე და შენი თავი არ დამანახოს…
გვინინა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow