ნუნუ გელაძე იტალიაში კულტურულ ძვრებს ეხმაურება

იტალიაში პირველი ქართული სათვისტომოს ,,სამშობლო გულით სატარებლის'' პრეზიდენტი ნუნუ გელაძე იტალიაში უახლეს კულტურულ ძვრებს ეხმაურება:
,,ძვირფასო იტალიის ემიგრნატებო, სამწუხაროდ, თვალი ვერ გავადევნე ყველაფერს, მაგრამ რაც გამომიგზავნეს, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ამ დღეებში ჩვენში დიდი კულტურული მოძრაობა დაწყებულა, რასაც მივესალმები, რასაკვირველია, და ყველას დიდ წარმატებას ვუსურვებ ამ დიდებულ საქმეში. ოღონდ ამას გთხოვთ ყველას, ნუ ვიქნებით ნურასოდეს კატეგორიულნი, მით უფრო, როცა პრეტენზია გვაქვს ინტლექტზე, ჟურნალისტობაზე, ცხადია, არცოდნა არცოდვაა, მაგრამ ხომ შეიძლება ორთოგრაფიულ ლექსიკონშიც ჩავიხედოთ, ინფორმაციაც მოვიპოვოთ, რა ხდებოდა ჩვენს ჩამოსვლამდე ემიგრაციაში, რა კულტურული საზოგადოებები არსებობდა მანამდე, რას საქმიანობდნენ და ა.შ. ვინმეს გაუგონია ნინო ყაუხჩიშვილის სახელი, ან რა დამსახურება მიუძღვის მას სამშობლოს წინაშე? დაინტერესებულა ქართულ-იტალიური ისტორიული, კულტურული, ლიტერატურული ურთიერთობით? „სელფები“ და „ფეისბუქპიარები“ არ არის საკმარისი, ამ ყველაფრის ღრმა ანალიზია საჭირო. აი, მაგალითად: დაკვირვებულმა და პასუხისმგებლიანმა ჟურნალისტმა უსათუოდ უნდა იცოდეს, რომ პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა ქალაქ ბარიში 2015 წელს და ამის მოთავე გახლდათ თეონა კასარელი, მან საკუთარი ხარჯებით ჩამოიტანა წიგნები, ამის მომსწრე და მოწმე თავად ვარ; შემდეგ იყო მილანში პირველი ქართული ბიბლიოთეკა, რომელიც მელი თურმანიძემ გახსნა; პირველი ქართული სათვისტომო „სამშობლო გულით სატარებელი“დაარსდა მილანში 2005 წლის 27 იანვარს და დღემდე უანგაროდ, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას ... და სხვა ბევრი ასეთი საჭირო ინფორმაცია, რაც ჟურნალისტობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანმა უნდა იცოდეს, და თუ არ იცის, კომპეტენტურ პირებს ჰკითხოს. ოცდაორი წელია ემიგრციაში ვარ და ძალიან ბევრი რამის მომსწრე გახლავართ, მაგრამ ათას კაცს დავეკითხები ხოლმე, როცა რაიმე ემიგრაციის თემას ეხება. მე მაპატიეთ, ჩემი განზრახვა სრულებითაც არ არის, ვინმეს დამუნათება, ოდენ ერთიანობისაკენ მოწოდებაა, ერთობლივად, აკადემიურად, გონივრულად, გულიანად საქმის კეთებაა, აკი ეს ანდერძი დაგვიტოვა იტალიური ემიგრაციის დიდმა დედამ ნინო ყაუხჩიშვილმა: გულით ვატაროთ სამშობლო. ღრმად მწამს, ამას შესძლებს იტალიის ქართული ემიგრაცია, მით უფრო, რომ უმრავლესობას (და მე პირადად) გვაქვს ამისი დიდი გამოცდილება''. - ნუნუ გელაძე