მუზეუმი ღამით, ანუ ქართული ჰანგები მილანის ტრიენალეს მუზეუმში

მუზეუმი ღამით, ანუ ქართული ჰანგები მილანის ტრიენალეს მუზეუმში

ხალხური არის ჩვეულებრივი ადამიანების, ყოველდღიური ცხოვრების მუსიკა. წმინდაა თუ პროფანული, ის ავლენს რიტუალიზებულ, მაგრამ სპონტანურ განზომილებას. ეს ყველაზე ლამაზი სამყაროა ადამიანის მდგომარეობის საილუსტრაციოდ''. - ალექსის პაული, ფრანგი კომპოზიტორი და მუსიკოსი.

ღამე მუზეუმში...სახელწოდება ერთი შეხედვით, ფილმს მოგაგონებთ, თუმცა ეს ფილმი ნამდვილად არ არის. მილანის ტრიენალეს მუზეუმი მსოფლიო ხალხური სიმღერის ჰანგებმა დაიპყრო და ასე აღმოვჩნდით გურულ მარტოკაცთან, რომელიც სულაც არ ყოფილა მარტოკაცი და მშობლიური საქართველოდან შორეულ მილანს ანსამბლ გორდასა და ნინო ნაყეურთან ერთად ეწვია.

 

ანსამბლმა მონაწილეობა 8 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მიიღო და ტრიენალეს განსაცვიფრებელი ექსპონატები უნიკალური ხმით აამეტყველა. ღონისძიების მთავარი არსი კავკასიის, ხმელთაშუაზღვისა და ატლანტიკის ოკეანის ტრადიციული მუსიკის გაცნობა გახლდათ, რომელიც ფონდი ,,კარტიეს'' საშემსრულებლო ხელოვნების პროგრამების ორგანიზებით გაიმართა. (Fondation Cartier pour l'art contemporain)

 

Merani TV ერთი ღამით მუსიკალური წარმოდგენის ეპიცენტრში აღმოჩნდა. საფრანგეთი, იტალია, ალჟირი, უნგრეთი, სომხეთი, საბერძნეთი, პორტუგალია და საქართველო - სწორედ ამ ქვეყნების ფოლკლორის გაცნობის საშუალება ჰქონდათ ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, რომლებიც საოცარი ცნობისმოყვარეობით უცქერდნენ სპექტაკლს.

 

სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალურმა კულტურამ მთელი ტრიენალეს სივრცე დაიკავა, სწორედ, ამიტომ თითოეულ სტუმარს დამხმარე სახელმძვანელოს საშუალებით, შესაძლებლობა ჰქონდა მომღერლების განლაგება ეპოვა და სასურველი ქვეყნისთვის მოესმინა.

 

ანსამბლმა ,,გორდამ’’ ნინო ნაყეურთან ერთად არაერთი სიმღერა შეასრულა. მსმენელთა ყურადღება არამარტო ქართულმა მრავალხმოვანებამ, არამედ ტრადიციულმა ტანსაცმელმაც მიიქცია. ამაღელვებელი სანახავი იყო სასიამოვნოდ გაოცებული მსმენელებით გარშემორტყმული ქართველი მომღერლები. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ტრიენალეს მუზეუმში ჩატარებულ სპექტაკლს, ქართველი მსმენელი არ ჰყოლია, ქართულ ხმებს ადევნებული მსმენელების უმრავლესობა უცხოელი იყო.

 

თუმცა, აქვე უნდა ვაღიაროთ, ჩვენი ყურადღება მშობლიური ჰანგების შემდეგ, მაინც იტალიურმა ფოლკლორმა მიიქცია, რომელიც ვოკალურმა ანსამბლმა ,,Сondcordu e tenore de orosei’’-მ წარმოადგინა. სარდინიულმა პოლიფონიურმა მუსიკამ ქართული ,,მრავალჟამიერი’’ თუ სხვა ფოლკლორული ნაწარმოებები მოგვაგონა. ამ საერთო მსგავსების შესახებ, ხშირად გვსმენია. ის კი არადა, გერმანელი მუსიკისმცოდნე ზიგფრიდ ნადელი ქართულ მრავალხმიანობას ევროპული მრავალხმიანობის საფუძვლად მიიჩნევს, თუმცა ორი ქვეყნის პოლიფონიის შედარება შორს წაგვიყვანს და ამიტომ, კვლავ მუზეუმში დავბრუნდეთ, რომლის კედლებს შორის ქართული ხმა გაისმა...

წარმოდგენის დასასრულს , რამდენიმე სიტყვით მარტოკაცსაც გავესაუბრეთ, რომელმაც საკუთარი ემოციები გაგვიზიარა და გურულადაც დაგვემშვიდობა.

,,ბევრი სიმღერა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ ღონისძიებისთვის, საუკუნეების წინ შეიქმნა, მაგრამ ისინი დღემდე შემორჩა.ისინი ჩვენი კავშირია წარსულის ხმებთან''. - წერს ალესანდრო შარონი, იტალიელი არტისტი.

 

ვრცლად სიუჟეტი:

https://www.youtube.com/watch?v=Xd5DVu7x2qoc