ვინ არის ქალი, რომელიც წინაპრის ნასახლარის აღდგენას აპირებს. წარმატებული ემიგრანტი ქალის ისტორია

დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ღირსეული ქალბატონი - თარჯიმანი, ინგლისური ენის მასწავლებელი და შემდეგ კი ირლანდიის ქალაქ დუბლინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული თამარ სამქანა, რომელმაც შექმნა სათაო ოფისი ,,მუზარადი“. ფინჯან ყავაზე საუბარი, ყოველთვის ხსნის ადამიანის მოგონებებს და საუბარს იწყებს. ვთხოვე დაეხასიათებინა საკუთარი თავი.
,,ყველაზე მეტად მაბედნიერებს სილამაზე, როგორც შინაარსობრივი ასევე ვიზუალური. თუ მაქვს დრო და შესაძლებლობა ყოველთვის მაქვს სურვილი გალამაზების იქნება ეს სიტუაცია, სახლი თუ ურთიერთობები. მაღიზიანებს უსამართლობა და პროვოკაცია, ვერ გეტყვით რომელი უფრო მეტად. უმადურობას და დაუნახაობას შევეგუე, მომხმარებლურ დამოკიდებულებასაც, უფრო ღირსება და კეთილშობილება მაოცებს, როგორც იშვიათობა''.
- ჩვენი დაბადება, ჩვენი ბავშვობის დასაწყისია, რაც გაზაფხულზე სხვადასხვა ფერის ყვავილების გადაშლას ჰგავს. ბავშვობიდან რა კადრებია, რომელიც არასოდეს გტოვებთ?
- დავიბადე თბილისში 23 მარტს 1974 წელს. ჩემთვის ბავშვობასთან დაცულობის გრძნობასთან ასოცირდება, ღია სახლის კარი. ნათესავ-მეგობრების მიმოსვლა და კარებზე ზარი, როგორც ნიშანი უცხო ადამიანის ვიზიტის და თბილისში იოსებიძის (ჩემი სახლი) და კოჯრის (ბებია-ბაბუის, ანუ ასევე ჩემი) ქუჩები, როგორც სამყაროს ათვლის ორი წერტილი.
- ჩვენი ცხოვრების ნახევარს მშობლები ავსებენ, მეორე ნახევარს კი, შვილები. რას გვეტყვით თქვენს ხელოვან ოჯახზე?
- დედ-მამა თამაზ სამქანაშვილი და მანანა ნადარეიშვილი, პირველ კურსზე 18 წლისები "გაიპარნენ". გელა ჩარკვიანის სტუდენტები და უცხო ენების ანსამბლის დამფუძნებლები იყვნენ. დედა და გოგი დუეტში მღეროდნენ და მამა დასარტყამ ინსტრუმენტს უკრავდა. მე და ჩემი ძმა ნიკა პატარები ვიყავით, რომ განქორწინდნენ. ორივემ მეორე ოჯახი შექმნა. მამაჩემის მშობლებს, იასონ სამქანაშვილს და ასმათ სიხარულიძეს და ასევე ჩემს მამობილს გურამ ვასაძეს, დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს აღზრდაში. დედას მამა ვახტანგ ნადარეიშვილი, ანსამბლ ,,ივერიას'' სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ და შემდგომ ანსამბლი "75"-ის სამხატვრო ხელმძღვანელი. ჩვენს სახლში იშვიათი იყო უსიმღერო დღეები. ზაფხულში დასასვენებლად რომ მივდიოდით, მთელი გზა ვმღეროდით მე და დედა. ერთხელ მახსოვს, სოხუმამდე სულ სიმღერ-სიმღერით ჩავედით. ასმათ ბებია სასწაულ მოდელებს ჰქმნიდა ხელით საკერავ მანქანაზე. ქარგავდა და ქსოვდა და მეც მასწავლიდა ხელსაქმეს. 5 წლიდან ხმალაძის სტუდიაში დავდიოდი ქართულ ცეკვებზე და მერე სუხიშვილების სტუდია დავამთავრე დიდუბეში. ქართული მუსიკა როცა მესმის და, თუ რეალობაში ვერა, მაშინ გულში ვცეკვავ. ჩემი ორივე შვილი ხატავს. უფროსი ანა ნოზაძე 23 წლისაა და მუშაობს ირლანდიის ეკონომიკის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსის თანაშემწედ, ხოლო უმცროსი ლიზა ნოზაძე 21 წლის ჯერ კიდევ სტუდენტია და იმიჯმეიკერის პროფესიას ეუფლება.
- თქვენ დაამთავრეთ დასავლეთ ევროპული ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერეატურის სპეციალობით. შემდეგ ლონდონში შეისწავლეთ საერთაშორისო ტურიზმი ავიაციის და ემიგრაციის განხრით. საქართველოში რას საქმიანობდით?
- საქართველოში ადმინისტრაციულ პოზიციებზე ვმუშაობდი სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში'', სადაზღვევო კომპანია ალდაგში და ასევე ვიყავი ბრიტანეთის ავიახაზების წარმომადგენელი. პირველი საერთაშორისო სასტუმრო, პირველი სადაზღვევო კომპანია, პირველი საერთაშორისო ავიაკომპანია. ეს პირველობის ნიშანი აერთიანებს ამ კომპანიებს, სადაც ვიყავი დასაქმებული საქართველოში და თავისთავად არაჩვეულებრივი და მდიდარი პროფესიული გამოცდილება მივიღე თითოეულ დამსაქმებელთან.
- ემიგრაცია. ირლანდია. ქალაქი დუბლინი და მიტოვებული დედა ორ შვილთან ერთად. გზა, რომელიც წარმატებამდე მარტომ გაიარეთ.
- 23 წლიდან 27 წლამდე ბრიტანეთის ავიახაზებში მუშაობის პერიოდში, ხშირად მიწევდა ლონდონში მგზავრობა სასწავლებლად ან კონფერენციებზე დასწრება, ხოლო 27 წლიდან ირლანდიაში ვცხოვრობ ჩემს ორ შვილთან ერთად. თავიდან 9 თვის ორსული, მეუღლესთან და 2 წლის ანასთან ერთად ჩამოვედი. მალე ლიზაც შეგვეძინა დუბლინში. მეუღლე დაბრუნდა საქართველოში და რამდენიმე წელიწადში განვქორწინდით. მარტოს მომიწია ორი შვილის გაზრდა. ფინანსური გაჭირვება, საზოგადოებისგან იზოლაცია, მითუმეტეს ჩემთვის, რომ ისე გავიზარდე, სტუმარი არ გველეოდა სახლში, მორალურად იყო ძალიან დიდი დარტყმა, რამაც ჩემს ფსიქიკას სამუდამო დაღი დაასვა. თან ამავე დროს, ემიგრაციის პირველი წლების გამოცდილება განსაკუთრებით ძვირფასია იმიტომ, რომ ჩამომაყალიბა ისეთად, როგორიც ვარ დღეს.
- მიზანი, რომელიც იქ იმარჯვებს, სადაც გონიერებასთან ერთად, დიდი ნებისყოფა და შრომაა ჩადებული. თარჯიმანი, ინგლისური ენის მასწავლებელი და შემდეგ კი დუბლინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული თამარი, რომელმაც შექმნა სათაო ოფისი ,,მუზარადი“. კიდევ რა იყო ამ ყველაფრის მერე?
- დუბლინში ვმუშაობდი თარჯიმნად, ასევე ინგლისური ენის მასწავლებლად, შემდეგ დავამთავრე დუბლინის უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ადამიანთა უფლებების, კერძოდ, ლტოლვილთა უფლებების დაცვის განხრით, ვმუშაობდი Microsoft ირლანდიის სათაო ოფისში და ასევე Google სათაო ოფისში Account მენეჯერის პოზიციაზე, ვარ ქართული საინფორმაციო ოფისი "მუზარადის" დამფუძნებელი ირლანდიაში. გარდა ჩამოთვლილი სოციალური აქტივობების, მაქვს რამოდენიმე საინტერესო პროექტიც, რომელზეც ჯერ არ ვისაუბრებ.
- ქალბატონო თამარ, სამხრეთ დუბლინში, გაქვთ საკუთარი სახლი, სადაც განსაკუთრებული ადგილს უთმობთ ხელოვანთა დარბაზს. ეს დიდებული იდეა რამ შთაგაგონათ?
- ლექსების წერა დავიწყე 5 წლის წინ. გაზაფხულზე მაქვს ჩაფიქრებული პორველი კრებულის გამოცემა. ჩემს ლექსებს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და მოთხოვნა იყო სადმე შევკრებილიყავით ხოლმე დუბლინში და წაგვეკითხა ქართული ლექსები. მაგ პერიოდს დაემთხვა სახლის ზედა სართულის რემონტი და გადავწყვიტე, რომ ქართულ სტილში გადამეწყვიტა ინტერიერის დიზაინი, რომ მომავალში ჩემს სახლში ჩავატაროთ ხოლმე ლიტერატურული საღამოები. ასე გადაიზარდა "ქართული კედელი " ქართულ დარბაზად. მომავალ წელს დავასრულებ მშენებლობას და იმედი მაქვს, რომ მესტუმრებით.
- პროექტი, რომელიც საქართველოში წარადგინეთ. თქვენი გვარი და როგორ გახდით თამარ სამქანა.
- გვარი შევიმოკლე ოფიციალურად და გავხდი ,,სამქანა“. ანუ გამოგონილი საფეისბუქო ფსევდონიმი არაა, პასპორტში მიწერია ეს გვარი. სამქანა ჩემი წინაპრის სახელია. ცალქალამანიძეები ვიყავით ქართლიდან წამოვიდა ორი ძმა ელო და სამქანა და დღესაც ელოშვილები და სამქანაშვილები არ უღლდებიან მთაში, რადგან ერთი წინაპარი გვყავდა. 7 წლის წინ მქონდა ხილვა, ბაბუამ მთხოვა ფანშეტში მიწა უნდა დავიბრუნოთო. დუბლინიდან ვასრულებდი ზარებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოში და მიწა დავიკანონეთ. ვუზრუნველვყავით, რომ ნებისმიერი, ვინც ამ ისტორიულ ზოლში რაიმე ნაგებობას აააშენებს, ვალდებული იქნება დაიცვას სამქანეთ ციხის არქიტექტურული ესთეტიკა, რადგან ეს საქართველოს ისტორიის ნაწილია. მე არ ვიყავი ნამყოფი ფანშეტს და რამდენიმე წლის წინ რომ ვნახე პირველად, ზუსტად ის ადგილი იყო, სადაც ბაბუა ვნახე სიზმარში. სადაც დაიბადა, იმ ქვის სახლის ნანგრევი იყო. ბაბუას მამა იყო სამქანეთ გორის თავი და სამქანეთ ციხეს პატრონობდა. გარდა ამ ისტორიული ძეგლისა, გერგეთის სამების სამრეკლოც სამქანეთ აშენებულია. ამიტომ საქართველოში წარვადგინე პროექტი ჩემი წინაპრის ნასახლარის აღსადგენად სოფელ ფანშეტში სტეფანწმინდაში. თუ მე და ჩემი ძმა რაიმე მიზეზით ვერ აღვადგენთ ჩვენი წინაპრის ნასახლარს, მაშინ ჩვენი შვილები ითავებენ.
- საქართველოს საელჩოს ეგიდით, უკვე მეორედ ჩატარდა პოეზიის საღამო, სადაც თქვენი პოეზია იყო წარდგენილი.
- ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ეგიდით რამდენიმე წლის წინ ჩატარდა პოეზიის საღამო "ლექსად თქმული საქართველო", სადაც პირველად გაჟღერდა ჩემი ლექსები და მეორედ ახლახანს საახალწლოდ ჩატარდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. საელჩოს მხრიდან დიდი მხარდაჭერა მაქვს, როგორც შემოქმედებით ასევე კარიერულ სპექტრში, რისთვისაც მადლობელი ვარ და ვცდილობ გავამართლო მოლოდინი, ვინაიდან ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერა რამდენადაც მოტივატორია თვით განვითარებისთვის, ასევე პასუხისმგებლობაცაა, რომ წარსდგე ღირსეულად.
- რა არის თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა ირლანდიურ სოციუმში, ემიგრაციის მეოთხედი საუკუნის გატარების შემდეგ?
- ჩემი აზრით, ყველაზე დიდი მიღწევა ჩემთვის არის საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნება და ძალიან მაღალი ასიმილაციის ხარისხი ირლანდიურ სოციუმში მეოთხედი საუკუნის ემიგრაციაში გატარების შედეგად.
- ზღვარი ტკივილსა და სიხარულს შორის, რითაც ფასობს კარგი და ცუდი.
- ზღვარი ერთი ადამიანის თავისუფალი ქმედებით გამოწვეული სიხარულის გადის იქ, სადაც მეორე ადამიანის ფიზიკური ან მორალური დაზიანება იწყება და განსაზღვრა ყოველთვის არაა ადვილი, როდის უნდა შევჩერდეთ ან საერთოდ გავერიდოთ.
- მესიჯი, რომელსაც იქ, ჩვენს სამშობლოში ქართველ ერს გაუგზავნით.
- ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებ თვალყურს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ყველა ქვეყანაში ხდება კაცის კვლა, ქურდობა, კორუპცია და ა.შ. ჩვენ არ ვართ გამონაკლისი ამ მხრივ, მაგრამ ჩვენი განსაკუთრებულობა ისაა, რომ ჩვენ ვართ ერი, რომლისთვისაც ანტისემიტიზმი და ფაშიზმი უცხოა და შემწყნარებლობის მაღალი ხარისხი გვაქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ მონანიება წინ უნდა უძღოდეს შეწყალებას.
ინტერვიუ მოამზადა ეკა ოთარაშვილმა