და შენ, ჩემი საყვარელი მამაკაცის ცოლო, დაიმახსოვრე, რომ ჩემს შვილს ვერასოდეს უწოდებ ბოზიშვილს!

#სამი_მარაო
( სხვისი ჭირი ღობის ჩხირი როდემდე იყოს?! )
მსუბუქი ყოფაქცევის ქალი თქვენსკენ მოიკითხეთ.
მე თავისუფალი ქალი ვარ.
როცა თამამ ნაბიჯებს პირველად ვდგამდი,
მეც მეგონა რომ ბოზი ვიყავი.
არა უშავს,
მაშინ თქვენნაირად ვაზროვნებდი...
მეპატიება,
რადგან არასაკვირველს ვიკვირვებდი,
გრძნობები გარყვნილებაში მერეოდა,
ბუნებრივი მოთხოვნილება
მხოლოდ ტუალეტში მოსასაქმებელი მეგონა...
მხოლოდ მერე,
როცა თქვენი განვითარების ფაზებს გავცდი,
პეროგაყრილი უკანალების ნაცვლად
რეალური სამყაროს კანონზომიერების წიაღში მოვხვდი,
მივხვდი
რომ ე.წ. ტუალეტი
ჩემი ჩაცმულობისა და მოკაზმულობის სარკეებიან მაგიდასაც წარმოადგენდა.
ამ მაგიდაზე კი,
ფერუმარილთან ერთად ,
ჩემი ცვედანი გრძნობების გასაფერთხ-გასანიავებელი მარაოებიც ელაგა.
ყველა მარაოს თავისი ისტორია ჰქონდა.
პირველი მარაო ჩემს მიერ დალეწილი ცოცხისგან შევკარი.
ეს ის ცოცხი იყო,
ჩემი კუდიანი დედამთილი,
ვითომ უნებურად,
მაგრამ ყოველთვის ჩვენს საწოლზე მიყუდებულს რომ ტოვებდა ...
ჰოდა ერთხელაც,
როცა თავისი ქალიშვილი საგანგებოდ დაარიგა,
რომ საწოლზე ცოცხი არ მიაყუდო,
თორემ მასზე აბობღებული ეშმაკები
საწოლზე გადავლენ და ქმართან ურთიერთობა გაგიფუჭდებაო,
სიტყვის უთქმელად გამოვიტანე ცოცხი ჩემი საძინებლიდან
და დედამთილის თვალწინ,
სიმწრით გაღიმებულმა
მუხლზე გადავიმტვრიე...
ამას ჩვენში კატის გახლეჩას ეძახიან.
მართლა კატას ხომ არ გავხლეჩდი?
მაგრამ მისახვედრი მივახვედრე და მერე,
როცა მის შვილს გავცილდი,
დიდი ხანი იკვლევდა,
ეშმაკი თავიდან მყავდა შეჩენილი თუ თვითონ მომიჩინა საცდუნებლად...
ქმრიდან წამოსული
ისევ გამზრდელი ბებიის კარზე მივედი.
ბევრისგან განსხვავებით,
პირდაპირ არ გავსულვარ ქუჩაში.
ეს თქვენ გამაგდეთ გარეთ.
თქვენ მიბიძგეთ საძრახისი ქცევისკენ.
თქვენ ამომგლიჯეთ ნამუსის ძარღვი შუბლიდან ...
დიახ , თქვენ
ყოვლისმცოდნე და არაფრისმაქნისო ბიძიებო,
ყოველმხრივ უზრუნველყოფილო და არაფრისმომცემო მამიდებო,
განსწავლულო , თუმცა უმეცარო დეიდებო...
დიახ , თქვენ!
რადგან ობოლ და უპოვარ გოგოს
მდიდარი ქმრის მიტოვება არ მაპატიეთ.
რადგან არ გაუწვდინეთ ხელი ჩემს მიერ უქმროდ გაჩენილ შვილს...
ეგ კიდევ არაფერი,
ჩემი შემფარებელი ბებია მოიძულეთ,
უარყავით და ჩემი უკეთურობის წამქეზებლად მონათლეთ...
ბებია რომ მოკვდა,
თქვენს მიერ მის გასასვენებლად გამოგზავნილ ფულებზე
თქვენი სახელები დავაწერე,
ჯოხებზე წამოვაცვი და
ასე შევკარი მეორე მარაო.
ახლა თქვენზე ფიქრებს, როგორც თაროზე დადებულ მტვერს, ისე ვიფერთხავ გულიდან.
...და კიდევ,
ყოველ ღამე სათითაოდ ვკითხულობ თქვენს სახელებს და
ლოცვების ნაცვლად ,
წყევლებში მოგიხსენიებთ ...
რაც შეეხება ბებიაჩემს,
იგი საეჭვო გზით,
მაგრამ ჩემს მიერ გამომუშავებული ფულით გავასვენე.
თქვენი ფულისგან განსხვავებით,
დამადლებული მაინც არ იყო და მწამდა,
მას უფრო შეიწირავდა ღმერთი...
მე ხომ არასოდეს მიმრუშია ?
არც მეძავი ვყოფილვარ გათხოვებამდე.
უბრალოდ მას შემდეგ გავბოზდი,
როცა შიშველი ხელებითა და მშიერი კუჭით შემატიეთ ცხოვრებას.
ჰოდა თქვენ,
ვისაც ჭკუის გარდა არაფერი დაგირიგებიათ,
ჰოდა თქვენ,
ვისაც არასოდეს გამოგიწვდენიათ დახმარების ხელი,
ჰოდა თქვენ, ვისაც თავი ჩემს მიერ შერცხვენილად მოგაქვთ,
იცოდეთ,
რომ ეს მე ვარ თქვენგან შერცხვენილი..
ეს მე მრცხვენია
თქვენი დიდი ხნის დასანგრევი,
მაგრამ ,,ხალხი რას იტყვის " გამო დაუნგრეველი ოჯახების...
ეს მე მრცხვენია,
თქვენი შვილების გამო,
რომლებიც უსიტყვო მორჩილების ,,ფუფუნებაში" იზრდებიან
და აზრად არ მოსდით მერე,
როცა თავადაც დაოჯახდებიან ,
გასაპროტესტებელი გააპროტესტონ.
და ეს იმიტომ,
რომ თქვენ,
ქმრის ხელის შემყურე და უსიტყვოდ მორჩილო,
დედამთილის წინაშე თავდახრილო,
შვილებზე გადამკვდარო და მოსამსახურედ ქცეულო დედებო,
თქვენი განწირული თუ შეწირული ცხოვრება
მაგალითად მოგყავთ შვილებისთვის
და ბრძოლის ნაცვლად,
მორჩილებისკენ მოუწოდებთ...
მერე ქმრები არიან დამნაშავე ცოლების მკვლელობაში...
მერე ცოლები არიან დამნაშავე
ქმრებზე თავსლაფისდასხმაში და ა.შ. დაუსრულებლად ...
ჩემი შვილი კი ,
ჩემი შვილი,
არავისგან დამადლებული ,
არავისგან კეთილმოწყობილი,
არავისგან გაწერილი ცხოვრებით ცხოვრობს.
შენი შვილისგან განსხვავებით,
მისი საძინებლის კედლის მიღმა
არ ტირის ნაღალატევი დედა ,
არც სხვის ცოლზე ატორღიალებული მამა სცემს ბოლთას,
ზოგჯერ ცოლსაც...
მისი სამყარო სუფთაა და თავისუფალი...
...და შენ,
ჩემი საყვარელი მამაკაცის ცოლო,
დაიმახსოვრე,
რომ ჩემს შვილს ვერასოდეს უწოდებ ბოზიშვილს!
ვინაიდან თუ კარგად გავარჩევთ,
მასეთი შენი შვილები უფრო გამოდიან.
...და იცი რატომ ?
იმიტომ რომ შენ,
მთელი ცხოვრება,
ბავშვობიდან დიდობამდე მოყოლებული,
გაფრთხილებდნენ,
რომ ერთი ადგილისთვის განსაკუთრებით უნდა მოგევლო...
გაფრთხილებდნენ და შთაგაგონებდნენ,
რომ შენი პატიოსნების ზღვარი
ჭიპზე გადიოდა,
ოღონდ არა ზემოდან ქვემოთ, არამედ პირიქით...
ჰოდა შენც ,
,,ჭკვიანურ" შეგონებებზე ჩაციკლულს,
გავიწყდებოდა კი არა,
აზრადაც არ მოგსვლია,
რომ კანონიერად,
მაგრამ უსიყვარულოდ ქმართან წოლა,
ღალატის მოთმენა შვილების ხათრით,
სხვისკენ თვალის გაქცევა და მაინც ქმართან დაწოლა
კანონზომიერება კი არა მრუშობაა...
მაგრამ შენ ამას როგორ გაიაზრებ?
როგორ გაისიგრძეგანებ მაშინ,
როცა მხოლოდ ერთი ადგილის პატიოსნება დაგავალეს ?
მათ ხომ არ უთქვამთ,
რომ გულსაც უნდა მოუფრთხილდე,
რომ არავის უნდა აფათურებინო მასში ბინძური ხელი?
არც ის უთქვამთ,
რომ ნათელი გონებისთვის მშვიდი გარემო და ჭეშმარიტი სიყვარულია საჭირო ...
არ უთქვამთ,
არა...
ამიტომაც მე გეტყვი,
როცა შენ დაქალებთან ვერ ყვები პირად უბედურებებზე
რეპუტაციის შელახვის მიზნით...
როცა ბედნიერი ოჯახის ილუზიის შექმნის მოტივით იგონებ ათას სისულელეს,
მაშინ,
ზუსტად მაშინ,
სხვებთან ერთად თავსაც იტყუებ და
ღვთისა და კაცის წინაშე
ისეთივე ცოდვილი ხარ,
როგორიც მე...
ოღონდ მე,
შენგან განსხვავებით,
ჩემი თავისუფლების სიდიადეზე მხოლოდ იმიტომ ვერ ვყვები ,
რომ სხვებს შურით გული არ გავუხეთქო ...
წარმოუდგენლად დიდი ფუფუნებაა თავისუფლება ,
ნაღალატევო ცოლებო,
წარმოუდგენლად დიდი და
იცოდეთ,
რომ მესამე მარაო,
თქვენი ქმრების მიერ მოწერილი სასიყვარულო ბარათებით შევკარი , რადგან არც ერთი მათგანი ღირდა ჩემი თავისუფლების დაკარგვად ...
ახლა კი ვდგავარ და მათით თქვენზე ფიქრებს ვინიავებ...
განა , მე მსიამოვნებს იმაზე ფიქრი, რაზეც ახლა ვიბოდიალე ?
განა, ვერ ვხდები,
რომ ტყუილუბრალოდ ვიგულიანებ თავს და დედამთილის შიშით
არათუ საწოლზე მიყუდებულ ცოცხს,
ასანთის ღერსაც ვერ გადავტეხ ამ ჭკუით?
განა არ ვიცი,
ივლის ივლის და მაინც სახლში რომ მოვა ჩემი ქმარი?
განა ქმარზე გაცილებამდე არ უნდა ვიფიქრო იმაზე,
რომ არავის ვენდომები შვილებიანად ?
განა , რა მიხვედრა უნდა იმას,
რომ ჩემი ქმრის მიერ
საყვარლისთვის ნაყიდი ბროლის ბროში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია,
ვიდრე ჩემს არათითზე წამოცმული რგოლის ბეჭედი ? ...
ვიცი,
ყველაფერი ვიცი ...
ისიც კი,
რომ მომაკვდინებელი ცოდვაა ყველაფერი,
რაც ამ ფურცელზე დავწერე,
რაც გულში გავივლე და უნებლიედ დავუშვი...
რაც წარმოვიდგინე და შესაძლო გეგმად დავისახე
და
ამიტომაც,
მუხლებზე დაცემული პატიებას გთხოვ
უფალო,
რომ ყველაფერ ამის გასაკეთებლად
ძალა არ შემწევს ...
მზია სალვარიძე