ბედნიერი ვარ, როცა ადამიანს სალოცავ კუთხესთან ჩემი შექმნილი ეკლესიის მაკეტი უდევს. ვთვლი, რომ მათ ლოცვაში ჩემი წვლილიც ურევია და მე უფლის მადლიერი ვარ

ბედნიერი ვარ, როცა ადამიანს სალოცავ კუთხესთან ჩემი შექმნილი ეკლესიის მაკეტი უდევს. ვთვლი, რომ მათ ლოცვაში ჩემი წვლილიც ურევია და მე უფლის მადლიერი ვარ

ბატონი ზვიად მახარაძე ჩვენთან საუბარს, რა თქმა უნდა, მისალმებით იწყებს და ინტერნეტ-ტელევიზია MERANI TV-ის მისამართით მადლობის გამოსახატავად სიტყვებს არ იშურებს, მისით დაინტერესების გამო.

     ზვიადი გახლავთ 44 წლის ღირსეული პიროვნება, რომელიც დაიბადა მაღალმთიან აჭარაში შუახევის რაიონში და გაიზარდა გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხაჯალიაში. დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ამჟამად ცხოვრობს ბათუმში. 11 წელი მუშაობდა პედაგოგად. პარალელურად მუშაობდა რაიონულ გაზეთებში.

ძალიან უყვარს პოეზია, ხელოვნება, მუსიკა, ხატვა.  უკრავს გიტარაზე და კლასიკურ ფანდურზე. უყვარს ერთგული და ზრდილობიანი ადამიანები და ასევე უყვარს იუმორის მოყვარული ადამიანები. არ უყვარს მლიქვნელი, მატყუარა და ურწმუნო ადამიანები.

 

-  ,, წმინდა არს უფალი ღმერთი...''

- დიდება უფალს...წმინდა არს უფალი...ვარ უაღრესად მორწმუნე ადამიანი, მართლმადიდებელი ქრისტიანი...ყოველი ჩემი გადადგმული ნაბიჯი მწამს, რომ უფლისაგან არის დალოცვილი და ვგრძნობ მის ძალას ყოველ წუთს.

 

 - ბატონო ზვიად, შვილები მშობლების ამოსავალი წერტილია. გაგვაცანით თქვენი ოჯახი.

- მადლობა ამ კითხვისთვის... ამ მხრივ საკმაოდ ტკივილიანი გზა გავიარე... 30 წლის ასაკში ვიქორწინე. ქორწინებიდან წლის თავზე ქალიშვილი შემეძინა, რომელსაც მძიმე განუკურნებელი სენი აღმოაჩნდა, ბევრი მცდელობისა და ბრძოლის მიუხედავად 3 წლისა და 4 თვის ასაკში პირველი შვილი დამეღუპა, რამაც ძალიან დაამძიმა ახალგაზრდა მშობლების სულიერი მდგომარეობა...რამდენიმე წელში შემეძინა პატარა გიორგი და შემდეგ ქალიშვილი ნია. მყავს არაჩვეულებრივი სიყვარულით გამთბარი ოჯახი... ისინი  ჩემი ცხოვრების უსასრულო ბედნიერებები არიან.

 -  ვწუხვარ, ბატონო ზვიად, თქვენი ოჯახის ტრაგედიის გამო. ახსენეთ სიყვარულიო და... რას გვეტყვით , შესაძლებელია სიყვარულით სამყაროს გადარჩენა?

- დედამიწას სიყვარული ატრიალებს, სიყვარულია დედამიწის ღერძი და მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული გადაარჩენს სამყაროს.

 

- არ იყო ემიგრანტი და იყო მათ პოეზიაში ასახული ტკივილის თუ სიხარულის თანაზიარია, ბევრზე მეტყველებს. ბევრი ემიგრანტის ლექსი წაიკითხეთ იმავე განცდებით, როგორც თვით ავტორი წაიკითხავდა. როგორ მიხვედით მათ სამყაროსთან?

- ემიგრანტები ჩემთვის, სამშობლოს ტკივილი და დარდი ადამიანები არიან...არასდროს ვყოფილვარ ემიგრანტი, მაგრამ ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი იმყოფება უცხოეთში საცხოვრებლად. მე ვგრძნობ მათ ტკივილს და დარდს, რასაც ისინი ატარებენ. სიშორე ოჯახთან და სამშობლოსთან, განა შეიძლება ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა გულთან არ მიიტანო მათი ტკივილი და მათი დარდის თანამოზიარე არ გახდე...ისინი ხომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ძვირფასი ნაწილნი არიან...ამ რაკურსით მათკენ ხედვამ მიმიყვანა მათ სამყარომდე...ვცდილობ, ხშირად წავიკითხო ლექსები მათი შემოქმედებიდან, რამდენად გამომდის, არ ვიცი, მაგრამ უდიდეს სიხარულს რომ ვანიჭებ მათ, ჩემთვის ეს ორმაგად სასიხარულოცაა და სასიამოვნოც.

 

- ზვიად მახარაძემ როდის შებედა ლექსების სამყაროს კარის შეხსნა?

- პირდაპირ გეტყვით, რომ თავს არასდროს ვთვლი პოეტად, თუმცა პოეზია ჩემი სულის სტიქიაა...ლექსებს სკოლის ასაკიდან ვწერ, რამდენად კარგად ვწერ, არ ვიცი, მაგრამ რაც სულიდან და გულიდან მოდის, გადმომაქვს ფურცელზე.

 

- ცხოვრების გზა, რომელსაც მიუყვებით, ის გზაა, რომელზეც გიოცნებიათ?...

- სიმართლე რომ გითხრათ, სრულფასოვნად არა, მაგრამ ნაწილობრივ კი...არის რაღაც ამ ცხოვრებაში ისეთი, რაც არ აგიხდება ადამიანს ჩანაფიქრი და სურვილი მომავალში მაგრამ თუ რწმენით იცხოვრებ და შენს ადამიანურ რესურს ჩადებ იმაში რასაც უფალი გიბოძებს აღმოაჩენ რომ ცხოვრება იმაზე მეტად საინტერესოა ვიდრე გგონია.

 

 - რა განცდა გქონდათ, როდესაც თქვენს ლექს ,,შინდისის გმირები“პატარა ანასტასია გვიანიძე კითხულობდა?

  - ეს ლექსი კოვიდ სასტუმროში დავწერე/ როცა ავტვირთე ჩემს გვერდზე, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ლექსს და ორი დღის შემდეგ აიტვირთა ვიდეო ჩემს ლექსზე, რომელიც ბათუმელმა გოგონამ, უნიჭიერესმა ლანა ბოლქვაძემ წაიკითხა არაჩვეულებრივად და რამდენიმე დღეში ანასტასია გვიანიძემ ჩაწერა....ადამიანი და ისიც ასეთი პატარა გოგონა ასეთი ემოციებით კითხულობდეს შენს ლექსს, ეს საოცარი ენით აუღწერელი განცდაა, რის გამოც მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მათ.

 

- ესპანეთის ქალაქ ბურგოსის რადიოში პირველად გაჟღერებული ქართული სიმღერა,  რომელიც თქვენს ტექსტზე შეიქმნა – „იცით, ვისი ბადიში ვარ“?  გვესაუბრეთ ამის შესახებ.

- ესპანეთში ერთი ძალიან მაგარი ქართველი ყველასათვის ცნობილი უნიჭიერესი კომპოზიტორი ქალბატონი მაია სიჭინავა იმყოფება, ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა  გვაკავშირებს. ერთმანეთი სოციალური ქსელით გავიცანით. ქალბატონმა მაიამ მთხოვა, რომ ჩემს ლექსზე სიმღერას დაწერდა, რაზეც სიხარულით დავთანხმდი... რამდენიმე დღეში გადმომიგზავნა აჭარულ მოტივებზე აჟღერებული ჩემი ლექსის ტექსტზე დაწერილი სიმღერა, რამაც ძალიან მაგრად გამახარა. მაია მიწვეული იყო ესპანეთის ქალაქ ბურგოსის რადიოში, სადაც ამ რადიოსა და ესპანეთის რადიოს ისტორიაში პირველად გაჟღერდა ქართული სიმღერა, ემოციებით და სიხარულით აღსავსე ვიყავი, რომ ამხელა დიდ საქმეში, რომელიც მაია სიჭინავამ იმოქმედა, ჩემი სახელი გვარიც გაჟღერდა. და კიდევ ერთხელ ვუხდი მას მადლობას საჯაროდ. ამ ლექსს თავისი ისტორია აქვს, როცა აჭარისწყალზე შემთხვევით ექსკურიიდან მოვხვდით, იქ ვნახე მშენებარე ტაძარი, რომელიც ახლა დასრულებულია.ზუსტად ამ ტაძრის ფუნდამეტის ქვაზე დავწერე ეს ლექსი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. სხვათაშორის, ეს ლექსი ბევრმა ქართველმა პოეზიის მოყვარულმა წაიკითხა და ჩაწერა.

 

- ბატონო ზვიად, ალბათ, თქვენც გყავთ თქვენი ფავორიტი პოეტი ან პოეტები.

- დღეს არსებული პოეტებიდან, ჩემი ფავორიტი პოეტი არის მარიამ ბაქანიძე. ეს ადამიანი არის ღმერთის მოვლენა, თავისი  ლექსიკითა და მდიდარი სიტყვის მარაგით. სასწაული ლექსების ავტორია. ასევე გამოვყოფ აჭარაში როინ აბუსერიძეს. გენიალური და  კარგი პოეტია და არა მარტო პოეტი, ოქროს გულიანი კაცია. ნიაზ ზოსიძე სასწაული მწერალი. ტრადიციების მიმდევარი გულის გული კაცი.

 

 - ხელოვნება უსაზღვრო ფანზატიის გარეშე არ იქმნება. თქვენი შექმნილი სხვადასხვა სახის დეკორატიული სუვენირები მეტად საინტერესოა. როდის დაიწყეთ მათი შექმნა და რა იყო შექმნის მოტივაცია?

 - ხელოვნებას პატარაობიდანვე ვეუფლები, როგორც მუსიკას, ასევე სხვადასხვა ხელსაქმეს..  საკმაოდ კარგად ვხატავ, რამაც უფრო მეტი ბიძგი მომცა ხელოვნების განვითარებაში. ერთი პერიოდი პატარა ეკლესიების მაკეტებით ვიყავი დაინტერესებული. დაახლოებით 100 ცალზე მეტი მაქვს დამზადებული და გაჩუქებული. ბედნიერი ვარ, როცა ადამიანს სალოცავ კუთხესთან ჩემი შექმნილი ეკლესიის მაკეტი უდებს. ვთვლი, რომ მათ ლოცვაში ჩემი წვლილიც ურევია და მე ღმერთის მადლიერი ვარ. ბოლო დროს დავინტერესდი ღვინის ჭურჭლების სუვენირებით, რომელსაც კანაფის ბაწრებითა და ძაფებით ვქმნი. ამ მიმდევრობამ საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა ...სიმართლე რომ გითხრათ, თავდაპირველად, ჩემთვის დავამზადე და როცა დიდი მოწონება დაიმსახურა გავაგრძელე და აღარ გავჩერდი, ჩემთვის ძალიან საინტერესო საქმეა.

 - თქვენი შემოქმედება თუ ყოფილა შემოსავლის წყარო.

- რა თქმა უნდა, ბოლო დროს ვიფიქრე, რომ ჩემი მიმართულება შემოსავლის წყაროდ მექცია, სოციალური ქსელის საშუალებით, ვიღებ შეკვეთებს და ვუმზადებ მათ სასურველ სუვენირებს.

 

 - რას ვერ აპატიებდით ადამიანს.

 - ზოგადად ყოველთვის მიმტევებელი ადამიანი ვარ. არ არსებობს საქციელი ადამიანისა, რომლის პატიება არ შეიძლებოდეს. თუმცა, მოღალატე ადამიანებს, თავს ვარიდებ და ალბათ, ღალატი  იქნება ჩემგან უპატიებელი .

 

 -  როგორ გესახებათ ხვალინდელი საქართველო და რას უსურვებდით ჩვენს ერს.

- საქართველო დედამიწის გულია და ფილტვი. ასე რომ, მინდა გამთლიანებული ვნახო და ჩემი შვილები ბედნიერ საქართველოში ცხოვრობდნენ. მინდა, ყველა ემიგრანტი დაუბრუნდეს სამშობლოს და ბედნიერ წარმატებულ ქვეყანაში ეცხოვროთ . ჩვენს ერს კი სიყვარულს, ერთმანეთის დაფასებას და ღვთის სიყვარულს ვუსურვებ. მრავალჟამიერი გუგუნებდეს ჩემი ერის ყველა კერაზე. უფალმა დამილოცოს დედა სამშობლო და ქართველები.

ინტერვიუ მოამზადა ეკა ოთარაშვილმა