ბაკურ ასამბაძე | პატარა გამომგონებელი ქედის რაიონიდან

ბაკურ ასამბაძე | პატარა გამომგონებელი ქედის რაიონიდან

ბაკური ასამბაძე წარმოშობით ქედის რაიონის სოფელი ოქტომბრიდანაა. 16 წლის ასაკში პატარა გამომგონებელი გახდა და მექანიკური მანქანა, იგივე ,,Bluetooth Car'' გამოიგონა. საავტორო ნაშრომის განხორციელება STEM კლუბის ფარგლებში მოხდა.

საინტერესო კი ისაა, რომ მანქანაში ჩაწერილია კოდი, რომელიც ტელეფონიდან ბლუთუზის მეშვეობით, სპეციალური აპლიკაციის დახმარებით, იმართება. ავტორმა Merani TV-სთან ისეთ დეტალებზეც ისაუბრა, როგორიცაა მართვის დისტანცია და მანქანის მუშაობისთვის აუცილებელი ე.წ ,,საკვები''.

ბაკურმა აღნიშნა, რომ მექანიკური მანქანისთვის აუცილებელი კომპონენტი ელემენტია, რომელიც გარდა იმისა, რომ მოწყობილობას მუხტავს, მას დაბრკოლებების გადალახვაშიც ეხმარება. მასში ჩამონტაჟებული ე.წ ,,ჭკვიანი'' პლატის მეშვეობით, ხდება მანქანის დაპროგრამება, რომლის მოქმედებაც ჩვენს სურვილზეა დამოკიდებული. სისტემაში კონკრეტული პროგრამის შეყვანა კომპიუტერისა და USB მოწყობილობის მეშვეობით შეიძლება, ხოლო შემდეგ კი ტელეფონითა და ბლუთუზით, შეგვიძლია ვმართოთ გარკვეული მეტრის დისტანციაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მექანიკური მანქანის დიდი მოდელის შექმნაც და მისი მრავალი ფუნქციით გამოყენებაცაა შესაძლებელი. 

16 წლის გამომგონებელს საკუთარი საინტერესო იდეის განხორციელებაში STEM კლუბის ხელმძღვანელები მადლენა მელაძე და რევაზ თურმანიძე დაეხმარნენ.