,,ბაბუ სულ გვარიგებდა, რომ ხელი არასოდეს არ უნდა გვეხლო სხვისი საკუთრებისთვის''

,,ბაბუ სულ გვარიგებდა, რომ ხელი არასოდეს არ უნდა გვეხლო სხვისი საკუთრებისთვის''

   მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ინტერნეტ-ტელევიზია Merani TV-ის რუბრიკიდან ,,გაქცევით შეჩერებულები“.

  დღეს ჩვენი სტუმარია ქართველი ემიგრანტი პოლონეთში, ბატონი ირაკლი კეჭყემაძე. ირაკლი გახლავთ პოზიტიური, სამართლიანი და  პუნქტუალური პიროვნება. ძალიან უყვარს თავისი სამშობლო. იგი დაიბადა 1981 წლის 26 ნოემბერს თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში. სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, სწავლობდა ქუთაისის ავტომექანიკის კოლეჯში, სადაც დაამთავრა საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვები, ორგანიზაცია და მოძრაობის მართვა. ტექნიკოს-ორგანიზატორის კვალიფიკაციით. მან სწავლა გააგრძელა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენა და ლიტერატურის-აღმოსავლური არაბული ენების სპეციალობაზე. ბატონი ირაკლი ჩვენთან საუბარში, აქტიურ სტუდენტურ წლებს ,,წლები ოქროს ხანიდან“- უწოდებს. ამავე უნივერსიტეტში იყო არჩეული ფაკულტეტის თავჯდომარედ, იყო რექტორატის წარმომადგენლობით საბჭოს წევრი. მრავალი ღონისძიების ორგანიზატორი საკუთარი სცენარით და რეჟისორობით. სამადლობელი სიტყვებით მოიხსენია იმერეთის რეგიონის კულტურისა და სპორტის ძეგლთა დაცვის ქუთაისის საქალაქო განყოფილების უფროსი ქალბატონი: ქეთევან მამუკელაშვილი და უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი ბატონი: გიორგი ონიანი. ახალგაზრდული დეპარტამენტის იმერეთის რეგიონალური სამსახურის მაშინდელი უფროსი ბატონი: დავით გირდელაძე  და მისი მუადგილე ქალბატონი: ხათუნა ცანავა.

  დღეს ჩვენს რუბრიკაში სიახლეს შემოგთავაზებთ, რომელიც დღევანდელ რესპოდენტთან სიურპრიზი იქნება.

  მოვიწვიეთ ბატონი ირაკლის მეგობარი ბატონი კობა კუპატაძე, რომელსაც რამდენიმე კითხვა დავუსვით:

   - ბატონო კობა, გაგვეცანით თუ შეიძლება.

   - მოგესალმებით. გახლავართ კობა კუპატაძე. ვმუშაობ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტში.

 

  -  რამდენი ხანია იცნობთ ბატონ ირაკლის და როგორ დაახასიათებდით, როგორც მეგობარს და ასევე სამსახურეობრივი და სამოქალაქო პასუხისმგებლობით თუ გამოირჩევა?

  - ირაკლის ვიცნობ 2005 წლიდან. სტუდენტობის დროს გავიცანით ერთმანეთი და დღემდე გვაქვს მჭიდრო მეგობრობა. იგი არის ერთგული, საიმედო  და დასაყრდენი მეგობარი. მიხარია, რომ ვიცნობ. ირაკლი დიდი პასუხისმგებლობით გამოირჩევა და მთელი შემართებით ეკიდება სამსახურეობრივ თუ სამოქალაქო საქმიანობას. ბევრი საინტერესო პროექტის თუ აქტივობის  ავტორი იყო სტუდენტობის დროს და დღესაც ემიგრაციაშიც კი ახერხებს  საზოგადოებრივი კეთილდღეობის და განვითარების  მხრივ აქტივობების თუ პროექტების განხორციელებას.

 

- რას უსურვებდით ბატონ ირაკლის და ქართველ ემიგრანტებს?

 - ირაკლის მინდა ვუსურვო: პირველ რიგში, ღვთის წყალობა და დასახული მიზნების ასრულება. უმოკლეს დროში  ემიგრაციიდან დაბრუნება სამშობლოში და წარმატებები მისი მიზნების და იდეების განხორციელებაში. აგრეთვე ყველა ემიგრანტს ვუსურვებ, მშობლიურ მიწა წყალზე  მალე მშვიდობით დაბრუნებას.

   

 - მოგესალმებით ბატონო ირაკლი! თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, საქართველოში რას მოღვაწეობდით?        

 - მოგესალმებით, ქალბატონო ეკა და მივესალმები თქვენს ერთგულ მკითხველს. ვმუშაობდი თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანის ახალგაზრდული დეპარტამენტის თავჯდომარედ. ქუთაისის  კეთილმოწყობის სამსახურში. საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის იმერეთის რეგიონის შემოსავლების საინკასაციო სამსახურში. ასევე, კომპანია "გერგეთში" დირექტორის თანაშემწედ. ამის შემდეგ, დაიწყო ჩემი ემიგრაციული ცხოვრება. 8 წელი გავატარე მეზობელ თურქეთის სახელმწიფოში, კერძოდ ართვინის რეგიონში. დღესდღეობით კი ვიმყოფები ევროპაში, კერძოდ პოლონეთში.

 

- სანუკვარი ბავშვობა, რომელიც სიკვდილის ბოლო დღემდე არ გვტოვებს. გაიხსენეთ თქვენი ბავშვობიდან მნიშვნელოვანი ფრაგმენტი.

 - ჩემი სოფელი გოდოგანი, თერჯოლის  და ქუთაისის საზღვართან მდებარეობს. იგი მდინარე  წყალწითელას მარცხენა სანაპიროდან მაღლა ფერდობზეა გაშენებული მდიდარი ბუნების წიაღით. სკოლიდან, როდესაც ვბრუნდებოდით ხოლმე, გზის პირას, ეზოებიდან პირმცინარა ყურძნის მტევნები, პირწითელა ბროწეულები, თითქოს მოსაწყვეტად გვიხმობდა ბავშვებს, მაგრამ მე არ შემეძლო ხელი გამეწია და თუნდაც ერთი ცალი მომეწყვიტა, ის კი არა და ჩემი თანატოლები, რომ დაკრეფდნენ ხოლმე, მაშინაც  კი არ შემეძლო თუნდაც ერთი ცალი ამეღო. მახსოვს, ერთ ჩემს მეზობელს ბენია ბაბუს, გზის პირას ღობის თავ ბოლომდე თითა ყურძნის ტარაველი ჰქონდა გაშენებული. ერთხელ, როდესაც სკოლიდან ვბრუნდებოდი, ყურძენი დაეკრიფა და ჭიშკართან მელოდებოდა. როდესაც დამინახა, დამიძახა და ყურძნით სავსე კალათა მომაწოდა და მითხრა, ეს შენ, არასოდეს მოგიპარავს მკუხე მტევანი და მწიფე გემრიელად მიირთვიო. სახლში, როდესაც მივიტანე, ჩემს ბაბუს ეგონა, რომ მოვიპარე და დამტუქსა. ვიდრე არ გაარკვია სიმართლე, მოსვენება დაკარგა. მახსოვს ჩემი ყურძნითურთ წამიყვანა ბენია ბაბუსთან, თუმცა მერე ყველაფერი გაირკვა. ბაბუ, სულ გვარიგებდა, რომ ხელი არასოდეს არ უნდა  გვეხლო სხვისი საკუთრებისთვის. ეს ყველაფერი ყოველთვის ტკბილ მოგონებად დარჩება  ჩემს მეხსიერებაში.

 

- თქვენთვის, ქართველი ვაჟკაცისთვის ოჯახის ფენომენი. გაგვაცანით თქვენი ოჯახი.

- ოჯახი  ჩემთვის უპირველესია, ის ჩემი  სიწმინდეა. ეს ის გარემოა, სადაც  სულიერად მშვიდად ვარ და თავს  ბედნიერად ვგრძნობ. ის ჩემთვის მთელი  სამყაროა. სამყარო, რომელიც  ჩემი მზისხივებით არის მოქარგული. მყავს არაჩვეულებრივი თბილი და ერთგული მეუღლე  ლელა კოპალიანი.ჩვენ სიყვარულით შევქმენით ოჯახი. სიყვარულით,  რომლის სიყვარულის ნაყოფებიც არიან, ჩვენი პატარა მარგალიტები ანდრია 8 წლის და ქრისტინე 5 წლის. მათი კეთილდღეიბისთვის ყველაფერს გავიღებ, ძალიან მიყვარან და სულ მენატრებიან, მაშინაც კი როცა მათთან ვარ.

- გზას, რომელსაც ემიგრანტის გზა ჰქვია, ძლიერი ნაბიჯით, თქვენც მიუყვებით. რა დაინახეთ ამ გზაზე, რაც მანამდე არ დაგინახიათ და არ გიგრძვნიათ. ემიგრანტი, რომელიც ციხე-გალავანივით მყარია.

 - ადამიანებს ვხედავ  ნატანჯი, დაღლილი სულით და სხეულით, რომლებიც მძიმედ, ოღონდ ჩქარი ნაბიჯებით და მთელი მონდომებით მიაბიჯებენ  ამ ეკლიან გზაზე,  რომლებიც  იბრძვიან  ოჯახისა და  სამშობლოს კეთილდღეობისთვის. იცით, ომსაც აქვს სხვადასხვა ფორმა. არის ომი, სადაც სისხლი იღვრება, ხოლო არის ომი, სადაც ოფლს, სისხლს და ცრემლს ღვრი უკანასკნელ წვეთამდე და ამ ომს ემიგრანტის ომი ჰქვია.  საკუთარი ჯამრთელობის და ოქროს წლების  ფასად, მხრებით უნდა ზიდონ ცხოვრების ჭაპანი, რადგან იქ სადაც მათ ელოდებიან, მისით სუნთქავენ და საზრდოობენ.

ემიგრანტი ჩვეულებრივი გმირია! უნიჭიერესი ჟურნალისტის, ჩვენი ჯგუფის აქტიური წევრის,  ქალბატონის ნათია ჯიმშელეიშვილის სიტყვებს და სურვილს მოვიშველიებ, "ემიგრანტი თავისი მძიმე  ცხობრებით, გმირის ტოლფასია და ძეგლი უნდა დავუდგათ პატივმისაგებად“-ო.

 

- ემიგრანტი, ემიგრანტის ძლიერი მარჯვენა ხელია. თქვენ თუ ახერხებთ რაიმე ფორმით ემიგრაციაშია მათ დახმარებას, ან თქვენ თუ გეხმარებიან.

- დახმარება  სხვადასხვა გვარი  არსებობს. რა თქმა უნდა, დამხმარებიან და მეც გამიწევია დახმარება და ორივე შემთხვევაში, ბედნიერი ვყოფილვარ.

 

- თქვენ შექმენით ფეის-ჯგუფი ,,შენ სისხლო ჩემო“, სადაც უამრავი ქართველი ხელოვანი გააწევრიანეთ.  არ მინდა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ...  რამ განაპირობა ამ ჯგუფის შექმნა და რაში ან რის გადალახვაში გეხმარებათ ემიგრანტებს.

- განვმეორდები და კიდევ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ემიგრანტი და მისი გზა, რასაც ის ემიგრაციაში გადის, მძიმეა და ეკლიანი. სულ გტკივა და გენატრება...დღევანდელი მდგომარეობა და მოვლენები, კიდევ უფრო ამძიმებს ამ გზას , სოციალური ქსელი,  ის ადგილია, სადაც ყველაფერს შეიძლება წააწყდეს ადამიანი. უფრო ჭარბობს ნეგატიური ინფირმაციები, რაც  ემიგრაციაში ყოფნას მეტად აძნელებს. პოზიტივი გვჭირდება  რაც შეიძლება დიდი დოზით და  ჯგუფის შექმნა სწორედ ამან განაპირობა. პირდაპირი მნიშვნელობით არის გათვლილი, მხოლოდ ქართული სულიერების, კულტურის, ტრადიციის და ხელოვნების წარმოსაჩენად. ჯგუფი, რომელიც მთელი ენერგიით და პოზიტივით მიიღწვის მის ასპარეზზე, გამოირჩევა  პატრიოტიზმით და სამშობლოს სიყვარულით. თითოეულ წევრს, მინდა მადლობა გადავუხადო აქტიურობისთვის.

 

- მომეცა საშუალება მენახა, თქვენ მიერ გადაღებული (მოყვარულის დონეზე) მოკლე მეტრაჟიანი ,,ლეგენდა ლაზი ბიჭი მევლუდი“ და ,,ჩვენი თვალით დანახული გალაქტიონი“. ანუ, თქვენი იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განხორციელება, შეძელით. ვიტყოდი რომ პროფესია ,,რეჟისორი“, მაინც შედგა.

  - ძალიან მიყვარს ზოგადად ხელოვნების ყველა სფერო. ყოველთვის ვცდილობ, რაღაც სიახლე შემოვიტანო საკუთარ თავში. აქაც მოვსინჯე ჩემი შესაძლებლობები და ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ აქაც ნაკლებობა განვიცადე, ქართულ ტელე თუ სოციალურ სივრცეში ასეთი სახის ეროვნული სულისკვეთების ფილმების არქონით. პროფესიონალი არ ვარ და არც რეჟისორობაზე ვდებ თავს,  მაგრამ  ვფიქრობ ამით ბევრი მიმართულებით ვუთხარი ადამიანებს ჩემი სათქმელი და ტკივილი. ჩემი ოჯახის წევრების მონაწილეობით. "ლაზი ბიჭი მევლუდი"- მონაწილეობენ- ჩემი შვილი ანდრია კეჭყემაძე მევლუდის როლში, ჩემი მეუღლე ლელა კოპალიანი მევლუდის დედა გახლავთ, თურქი ასკერები: ჩემი მეუღლის მამა და ძმა, ავთანდილ კოპალიანი და ლაშა კოპალიანი.საოჯახო რეკვიზიტებით ჩვენ ვაჩვენეთ საზოგადოებას, სამშობლოსადმი სიყვარული და დამოკიდებულება. თანაც ეს ყველაფერი ტელეფონით  გადაღებული და დამონტაჟებული უბიუჯეტო მოკლე მეტრაჟიანი ფილმია, რომელიც შესაძლოა დიდი ბიუჯეტის მქონე კინო სტუდიებმა და ტელევიზიებმა, უფრო ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი გადაიღონ და აჩვენონ ქართულ ტელე სივრცეში, რადგან დღს ჩვენ ქვეყანას, როგორც ჰაერი ისე სჭირდება ამ სახის პატრიოტიზმით და სიყვარულით გაჯერებული ფილმები და არა ისეთი, რაც საუბედუროდ ჭარბობს დღეს ჩვენი ტელე თუ სიციალურ სივრცეებში.

 - იქნებ ,,ჩვენი თვალით დანახული გალაკტიონის“ შესახებაც გვესაუბროთ?

 - მართალია, გალაკტიონ ტაბიძე არ იყო ზოგადად საბავშვო მწერალი, თუმცა ვფიქრიბ რომ ბავშვობის ასაკიდანვე უნდა იცნობდნენ მომავალი თაობები მის ბუმბერაზ შემოქმედებას.ჩვენ ეს გამოგვივიდა. ჩემი შვილი და მისი მეგობარი უნიჭიერესი ანამარია კეპულაძე, მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ საკითხს და შედეგიც აჩვენეს.

    ამით კიდევ ერთი მაგალითი მივეცითლ ბავშვებს და  იმ ადამიანებს, რომლებიც ტელეფონს და სოციალურ ქსელებს ცუდი მიმართულებით იყენებენ. რამეთუ შესაძლოა ასეთი საინტერესო და კარგი იდეების განხირციელება და არა ის, რასაც გარკვეული ასაკის ადამიანებიც კი, მთელი შემართებით აკეთებენ და აზიარებენ საზოგადოებაში. მე რეჟისურის მხრივ არანაირი განათლება არ გამაჩნია, თვითონ დამოუკიდებლად ვსწავლობ ყველაფერს.ასე რომ ვთქვათ, მასწავლებელიც მე ვარ და მოსწავლეც, თუმცა მიხარია ყოველი ახალი გაკვეთილი, რადგან ყველა ახალ აღმოჩენის დროს ჩემს თავთან და ჩემს ცოდნასთან ერთად ვიზრდები.

 

 - ადამიანი ყოველი დღე იზრდება და ვითარდება, რასაც ახლავს ახალი წარმატებები. თქვენი რეჟისორული ნაბიჯების შემდეგ, რა ხდება, რას გრძნობთ და რისკენ ილტვით.

- იცით, ძალიან ცოტა მყოფნის და მაბედნიერებს. როდესაც ჩემი შრომის ნაყოფი არა ჩემთვის, არამედ საზოგადოებისათვის არის  ნაყოფიერი და საზოგადოებიდან წამოსული თითოეული შეფასება გულს მითბობს და მეტ მოტივაციას, პოზიტივს მაძლევს ხვალინდელი დღის და შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად და  რათქმაუნდა ვბრძოლობ რომ უფრო მეტი საინტერესო ნაბიჯები გადავდგა ფართო მაშტაბებით.

  

 - ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო! ბედნიერება და ტკივილი... ფესვები, რომელიც ჩვენშია.

                   - მზეს, დღეს სხივებით მოუქარგავს ქართული ზეცა,

                    კვლავ სიყვარულით გაუთბია ფუძე კერია,

                    მრავალჟამიერ! იდღეგრძელეთ თქვენ სისხლო ჩემო,

                    უცხო მიწაზე გაფანტულო მარგალიტებად.

ავტორი: ირაკლი კეჭყემაძე

     ბატონმა ირაკლიმ, სამომავლო გეგმები არ გაგვიმხილა, თუმცა მის თვალებმა და გაღიმებამ, საინტერესო სიახლეებზე მიგვანიშნა.

 

     ინტერვიუ მოამზადა ეკა ოთარაშვილმა